Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებში მედიაექსპერტები საფრთხეებს ხედავენ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ახალ ცვლილებებს განიხილავს. როგორც „ქართული ოცნება" განმარტავს, მას საფუძვლად უდევს საქართველოს წინაშე დაყენებული 12-პუნქტიანი წინაპირობის შესრულება.

მართლაც, ევროპის კავშირი მოითხოვდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს, ევროსაბჭოს მოსაზრებების მხედველობაში მიღებით. საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კითხვებს ნაკლებად ტოვებდა.

30 ივნისის ცვლილებებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში (55​ (2) მუხლი) სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვის საკითხი ჩამოყალიბდა.

„აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა“, - ვკითხულობთ კანონში.

მოქმედი კანონმდებლობით, ნორმის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელია მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.

11 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა (დავით სონღულაშვილმა, ეკა სეფაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ისკო დასენმა, ირაკლი კირცხალიამ, ანტონ ობოლაშვილმა და ირმა ზავრადაშვილმა) წარადგინეს ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით არ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კანონის 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში.

„თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი“, - ვკითხულობთ კანონპროექტში, რომლის ერთ-ერთ მოტივად დასახელებულია „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის წინაპირობის უზრუნველყოფა.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ 55 (2) მუხლის მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა გაიზრდება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის შესახებ განაცხადა, რომ მისი მიღება ევროკომისიის რეკომენდაციას უკავშირდება და დაამატა, რომ მისთვის გაუგებარია ამ თემაზე გამოთქმული კრიტიკული აზრები.

„რაც შეეხება კანონპროექტს, ნახეთ საოცრება რა არის, საერთოდ არ გვაინტერესებს ეს კანონპროექტი, მისი მიღება თავიდან ბოლომდე არის ევროკომისიის დავალება. მე მქონდა ჯერ შეხვედრა, შემდეგ საუბარი ბატონ კოპმანთან, გაფართოების საკითხებში დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელმაც კიდევ ერთხელ გვთხოვა, რომ 20 ოქტომბრამდე გავუგზავნოთ მათ გადასინჯული პროექტი“, - აღნიშნა კობახიძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა, კანონპროექტის შესახებ სამი ვერსია არის ჩამოყალიბებული და ელოდებიან ევროკომისიის პასუხს. „არის შემოსული წინადადებები, მათ შორის, რეკომენდაციები, როგორ უნდა იყოს ეს ჩამოყალიბებული. დღეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სამი სხვადასხვა ვერსია ჩამოვაყალიბეთ, ვუგზავნით ევროკომისიას და ვეუბნებით: რომელსაც დაადებენ ხელს, იმას მივიღებთ. აქაც ახერხებენ სპეკულირებას. უკვე სასაცილოა. ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა 12 პრიორიტეტის ფარგლებში“, - განაცხადა მან.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამუშაო ჯგუფში მიწვეული არ ყოფილა, როგორც არც მაუწყებლის, არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მან თქვა, რომ თავის დროზე პლატფორმა მედიაკოალიციის ფარგლებში მონაწილეობდა 30 ივნისს მიღებული ცვლილებების მომზადების პროცესში. კუპრაშვილმა გაიხსენა, რომ იმ დროს ხელისუფლებასთან მიღწეული იყო შეთანხმება - გასაჩივრების მექანიზმი კანონის ფარგლებში, დაიხვეწებოდა კომუნიკაციების კომისიის ნორმატიული აქტით.

„ვერ წარმოგვედგინა, რომ ამას არ გააკეთებდნენ. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ვადები არ განსაზღვრეს და დღემდე არ არის მიღებული დოკუმენტი“, - თქვა კუპრაშვილმა. მისი თქმით, სანაცვლოდ, წარმოადგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ახალი კანონპროექტით არსებობს სივრცე ინტერპრეტაციის. მე როგორც ფილოლოგი და ჟურნალისტი ვკითხულობ ისე, რომ ჯერ საკითხმა აუცილებლად თვითრეგულირება უნდა გაიაროს და შემდეგ მარეგულირებელი კომისია განიხილავს. ეს არის დასაზუსტებელი“, - აღნიშნა კუპრაშვილმა. თუმცა, ბუნდოვანი ჩანაწერიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ საკითხი პირდაპირ კომისიამაც განიხილოს. „მინიმუმ ორი მუხლი არის დასაზუსტებელი. თუ ამას არ იზამენ, საფრთხე მოჰყვება, - განმარტა მან და დაამატა, - კანონპროექტი, რომელიც ტოვებს მანიპულაციის საშუალებას, უკვე არ არის კარგი კანონპროექტი“.

ნათია კუპრაშვილის თქმით, თუკი საკანონმდებლო ცვლილების ინტერპრეტირება ხდება ისე, რომ მარეგულირებელმა თავისი ხედვით დაიწყოს წარმოება მაუწყებლის წინააღმდეგ და განსაკუთრებულ შემთხვევებში სანქციებს მიმართოს, შეიძლება, ის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დასჯის მექანიზმად იქცეს.

„ლიბერალური აკადემია - თბილისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ტუღუშმა კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა. „როგორ არის შენიღბული იცით, თითქოს, ევროკავშირის პოზიციაა ასეთი და მათ შორის, განმარტებით ბარათშიც ეს უწერიათ. ასე ნამდვილად არ არის. იქ განსხვავებული შეხედულებებია, არასწორი კონტექსტი, რომელიც განმარტებით ბარათში ჩაწერა უმრავლესობის ნაწილმა. ალბათ, ეცდებიან, რომ ხელისუფლებას მიაღებინონ. თითქოს ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს ამას. სინამდვილეში ასე არ არის. ევროკავშირი ამ პრობლემას ხედავს, მათ შორის ევროსაბჭოს ექსპერტი დაიქირავეს, რომელმაც თქვა, რომ სხვა მოდელი გვჭირდება. ძალიან დიდი დასკვნა არსებობს, რომელიც თანარეგულირების მექანიზმის შექმნას გულისხმობს. სადაც თქვენც, მედიაც და ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიაც, ერთობლივად გარკვეულ მოქმედებებს განახორციელებს, რათა პრობლემა, რომელიც შეიძლება არსებობდეს, მოგვარდეს. მაგრამ ის კანონპროექტი, რომელიც შემოტანილია, ამ მიდგომას არ გულისხმობს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მიდგომა ძალიან სახიფათოა. ესეც ძალაუფლების საკითხია“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან ჰარმონიზაციის მოტივით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა, სასამართლოში გასაჩივრების მიუხედავად. ამასთან, სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები მედიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის რისკს წარმოადგენდა. სწორედ ეს საკითხები გამოსწორდა ივნისში მიღებული ცვლილებებით.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG