Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა "იპოდრომი უბეტონო მხარე" საეჭვოდ მიიჩნევს იპოდრომის ნაწილების ყიდვა-გაყიდვის პროცესს


მოძრაობა „იპოდრომი უბეტონო მხარე“ ეხმაურება ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ძველი იპოდრომის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილის უკონტროლო და გაუმჭვირვალე ყიდვა-გაყიდვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარი ეს გარიგებები ავლენს იპოდრომის მნიშვნელოვანი ნაწილის სამშენებლო ტერიტორიად გარდაქმნის საფრთხეებს.

"კერძო საკუთრებაში დარჩენილ ტერიტორიაზე, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე გარიგებების შესახებ, საზოგადოებისთვის თავდაპირველად, 2023 წლის აგვისტოს თვეში გახდა ცნობილი; როდესაც ტერიტორიის ნაწილი ფონდმა „ქართუმ“ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრზე გაასხვისა. ამის შემდეგ, მესაკუთრემ ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი გაასხვისა იმავე კომპანიაზე. თუმცა, გაუგებარი მიზეზებით, რამდენიმე დღეში უკან დაიბრუნა.
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც მესაკუთრე, ისე მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაასაბუთოს, რა მიზნებით ფორმდება აღნიშნული გარიგებები, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ამ საჯარო სივრცეზე. მესაკუთრის მხრიდან გაკეთებული, დაუსაბუთებელი განცხადებები კი, კიდევ უფრო ზრდის ბუნდოვანებას და ქმნის ვარაუდს, რომ ტერიტორიას სამშენებლოდ ამზადებენ", - ნათქვამია მოძრაობის მიერ დღეს, 17 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში.
2020 წლის ოქტომბერში იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცა - ამ დროს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა. მაშინ ხელისუფლება გამოვიდა ამ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განვითარების ინიციატივით, თუმცა მესამე წელია, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტერიტორიაზე ფრაგმენტულად მიმდინარეობს.
ქალაქის მთავრობა არ ასაჯაროებს ცენტრალური პარკის პროექტს და არ თანამშრომლობს სამეზობლოსთან, რომელიც ითხოვს, იპოდრომის რეაბილიტაციის პროექტი დაიგეგმოს ბუნებრივი საფარის მაქსიმალური შენარჩუნებით, ბეტონისა და დეკორატიული კონსტრუქციების გარეშე.
მოძრაობა "იპოდრომი უბეტონო მხარე" ითხოვს:
  • საზოგადოებისთვის გაცხადდეს იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე გარიგებების მიზნობრიობა და არსებული მესაკუთრის გეგმები ტერიტორიის მიმართ;
  • შეჩერდეს იპოდრომზე მიმდინარე სიმულაციური, საჯარო სივრცისთვის დამაზიანებელი სამუშაოები.
  • იპოდრომის რეაბილიტაციის პროექტი დაიგეგმოს საჯარო განხილვების ფორმატით, საზოგადოების სრული ჩართულობით, ბუნებრივი საფარის მაქსიმალური შენარჩუნებისა და დეკორატიული ნაგებობების გამორიცხვის პრინციპით.

±21: ნაჩუქარი იპოდრომი
please wait

No media source currently available

0:00 0:30:37 0:00

XS
SM
MD
LG