Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის მიერ ATACMS-ის გამოყენება რუსეთს აიძულებს ბაზების გადატანას


საილუსტრაციო ფოტო. ამერიკული სარაკეტო სისტემა ATACMS-ი
საილუსტრაციო ფოტო. ამერიკული სარაკეტო სისტემა ATACMS-ი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით, ATACMS-ი, ოკუპირებულ ლუგანსკსა და ბერდიანსკში რუსულ აეროდრომებზე დარტყმების შემდეგ რეალურად მიიჩნევს შესაძლებლობას, რომ რუსეთი იძულებული იქნება, ფრონტის ხაზიდან მოშორებით გადაიტანოს ოპერატიული ბაზები და მართვის პუნქტები.

ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მასშტაბი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, დიდი ალბათობით, ბერდიანსკში განადგურებულია რუსეთის 9 ვერტმფრენი და ლუგანსკში - 5, რუსეთის სამხედრო მრეწველობის გადატვირთულობის გათვალისწინებით კი, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამ დანაკარგის ანაზღაურება რთული იქნება.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებითვე, ეს დარტყმები დამატებითი ზეწოლა იქნება რუს მფრინავებსა და მექანიკოსებზე, რომლებიც ისედაც გამოფიტული არიან და ტექნიკური მომსახურების პრობლემებს განიცდიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა 17 ოქტომბერს, დილით გაავრცელა ცნობა, რომ თავდაცვის ძალებმა წარმატებული იერიში მიიტანეს რუსეთის ჯარების აეროდრომებზე ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკთან და ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ქალაქ ბერდიანსკთან.

გამოცემა Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის არმიამ პირველად გამოიყენა 160 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ამერიკული რაკეტები ATACMS-ი. 17 ოქტომბერს, საღამოს ეს დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ოფიციალურად სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან მიღებული აქვს ამ ტიპის რაკეტები, რომლებსაც დიდი ხანის განმავლობაში ითხოვდა.

XS
SM
MD
LG