თბილისის საკრებულოს დღევანდელ, 20 ოქტომბრის, სხდომას არ დაესწრებიან ყველაზე დიდი ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ისინი ბოიკოტს აცხადებენ და ითხოვენ თავიანთ კოლეგაზე, ირაკლი ეძგვერაძეზე, ძალადობაში მონაწილე ადამიანების დაკავებას.
"ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს, 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, არაერთი ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არის დასჯილი და ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ რჩება დაუსჯელი.
“ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოსდა იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეომტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება, პოლიტიკური შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც უკავშირდება ამ ადამიანს 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, სადაც კახი კალაძე [თბილისის მერი] დამარცხდა გლდანში და შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ", - თქვა თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ამავე ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ "ყველა ძალადობის მიმართ გამოძიება არის ადეკვატური და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ასე იქნება".
"ის ბრალდებები, რომელიც ისმის მომხდარი ფაქტის პირველივე წუთებიდან, რა თქმა უნდა, არასწორია. არ შეიძლება გამოძიების გარეშე ბრალი დასდო ვინმეს, რომ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი...
მინდა ვთქვა და მოვუწოდო ჩვენს კოლეგა ირაკლი ეძგვერაძეს, რომ კარგი იქნება, თუ ის თვითონ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს გამოძიებას იმისათვის, რომ მოკლე ვადებში გაეცეს ყველა კითხვას პასუხი", - თქვა გიორგი ტყემალაძემ.
22 სექტემბერს თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს, საკუთარ სახლთან 40-ზე მეტი პირი დაესხა თავს და სცემა.
მოგვიანებით კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს მის სანახავად გლდანში, მის სახლთან მისული ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, თბილისში, გლდანის I მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ მიმართ ფიზიკურად იძალადეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 6 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ეძგვერაძეზე თავდასხმა 22 სექტემბერს, მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ის წევრები ამბობენ, სწორედ ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირი არც მას არ აქვს და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს. იგივე თქვა გლდანის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემაც.