Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფლოტი ყირიმიდან გარბის - ვოლოდიმირ ზელენსკი


არქივის ფოტო: "ყირიმის პლატფორმის" სამიტი კიევში. 23 აგვისტო, 2023 წელი
არქივის ფოტო: "ყირიმის პლატფორმის" სამიტი კიევში. 23 აგვისტო, 2023 წელი

რუსეთის საზღვაო ძალებს აღარ შესწევს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირების ძალა და თანდათან "გარბის ყირიმიდან", ხოლო ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის სრული საცეცხლე კონტროლის დამყარება მხოლოდ "დროის საკითხია".

ასეთი განცხადებები გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე საპარლამენტო სამიტისადმი ვიდეომიმართვის დროს. ფორუმი 24 ოქტომბერს გაიხსნა პრაღაში, რომელიც „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო ასამბლეას მეორედ მასპინძლობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ ყირიმში პროუკრაინული განწყობები "უფრო და უფრო ღია ხდება" და ნახევარკუნძულის მცხოვრებლები ხვდებიან, რომ "რუსეთი იქაურობას დატოვებს". უკრაინის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინა შეეცდება დაიბრუნოს კონტროლი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ მთელ ტერიტორიაზე.

ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი იერიში მიიტანეს ყირიმში მდებარე რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბზე, განხორციელებულ სარაკეტო იერიშს. უკრაინის რეგულარული თავდასხმების შედეგად მწყობრიდან გამოდის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ფეთქდება საბრძოლო მასალის საწყობები და ზიანდება შავი ზღვის ფლოტის გემები.

"ყირიმის პლატფორმას" - უკრაინის პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმს - საფუძველი 2021 წლის აგვისტოში კიევში გამართულ დამფუძნებელ სამიტზე ჩაეყარა. "ყირიმის პლატფორმა" მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

XS
SM
MD
LG