Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შპიგელი": არსებობს ეჭვი, რომ ჯაშუშია ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი


ბელგიის სახელმწიფო უშიშროების სამსახური რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტად მიიჩნევს ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, კირილ ლოგვინოვს.

ამის შესახებ იტყობინება გერმანული გამოცემა "შპიგელი", რიგ ევროპულ მედიასაშუალებასთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე.

48 წლის კირილ ლოგვინოვი აკრედიტებულია დიპლომატად ბრიუსელში, რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში. ერთი წლის წინ ის წარმომადგენლობის დროებითი ხელმძღვანელი და, ფაქტობრივად, ელჩის მოადგილე გახდა. 2010-2014 წლებში ის მუშაობდა გერმანიაში რუსეთის საელჩოში.

ლოგვინოვი და ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის სხვა თანამშრომლები, ბელგიის დაზვერვის მიერ ეჭვმიტანილი არიან "ევროპული ინტერესების წინააღმდეგ ფარულ ქმედებებში".

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან ლოგვინოვის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ეჭვზე შარშან გახდა ცნობილი, EU Observer-ის პორტალზე გამოქვეყნებული მასალის საშუალებით, რომელშიც რუსი აგენტების საქმიანობაზე იყო საუბარი.

ამ დროისთვის ლოგვინოვი ჯერ არ იყო დანიშნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ, ევროპარლამენტმა ევროკომისიას გაუგზავნა მოთხოვნა, გაერკვია თავისი თანამშრომლების შესაძლო კავშირები ლოგვინოვთან. ევროკომისიამ ყველა ეჭვი უარყო.

ლოგვინოვის შემთხვევა გახდა ევროპული მედიასაშუალებების პროექტის, Espiomats-ის თემა. პროექტი ეხება რუსეთის შესაძლო ჯაშუშობის გამოძიებას ევროკავშირში.

გამომცემლობა Spiegel-თან ერთად გამოძიებაში მონაწილეობენ ბელგიის გაზეთი De Tijd-ი, შვედეთის - Expressen-ი, ესტონეთის - Delfi, ლიეტუვის - LRT, პოლონეთის - VSquare და Frontstory, სლოვაკეთის - ICJK და ცენტრი "დოსიე", რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკიმ დააარსა.

ევროკავშირის დიპლომატიური წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შარშან ლოგვინოვის შემთხვევა შიდა კამათის თემა გახდა. ბელგიის დაზვერვა მოითხოვდა, რომ ის შეეყვანათ იმ აგენტების სიაში, რომლებიც პერსონა ნონ გრატად უნდა გამოეცხადებინათ და ქვეყნიდან უნდა გაეძევებინათ, თუმცა ევროპის საგარეო პოლიტიკის სამსახურმა (EAD) ამას ხელი შეუშალა, სავარაუდოდ, ამის გამო რუსეთში მათი წარმომადგენლებისთვის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შიშით.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა გააძევეს რუსეთის საელჩოების ასობით თანამშრომელი, რომლებიც აკრედიტებული იყვნენ, როგორც დიპლომატები. ბრიუსელში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა რუსეთის წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი. ამას გარდა, გაძევებულ იქნა ბელგიაში რუსეთის საელჩოს 21 თანამშრომელი. გერმანიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსული დიპლომატიური მისიების 40 თანამშრომელი.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ წარმოქმნილი ხარვეზების შესავსებად, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იძულებულნი არიან, მიმართონ ბელარუს კოლეგებს, რომლებიც ბოლო წლებში, როგორც ამბობენ, აქტიურად არიან დაკავებული ევროკავშირში შეღწევით.

ბელგიის სადაზვერვო სამსახურმა მედიის ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კირილ ლოგვინოვს და ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას გამომცემლობა Spiegel-ისა და გამოძიებაში მისი პარტნიორების მოთხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ევროპის საგარეო პოლიტიკის სამსახურმა განაცხადა, რომ დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა მედიის მოთხოვნის საპასუხოდ აღნიშნულია, რომ სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან და მუდმივად ადევნებს თვალს ჯაშუშობის შესაძლო საფრთხეებს.

XS
SM
MD
LG