Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოში შემოუშვეს


უკრაინის მოქალაქეები თბილისში
უკრაინის მოქალაქეები თბილისში

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორკვირიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში შემოუშვეს უკრაინის მოქალაქეები. ცნობას ორგანიზაცია Volunteers Tbilisi ავრცელებს.

„25 ოქტომბერს, შუაღამის მიწურულს, შვიდი მამაკაცი ჩამოვიდა თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში. მამაკაცები მოხალისეების დახმარებით მნიშვნელოვან დოკუმენტებს იღებენ უკრაინაში დასაბრუნებლად“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

გამოცემა „მედუზის" ცნობით, უკრაინის შვიდი მოქალაქე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველო-რუსეთს შორის სასაზღვრო ზონაში.

როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დამხმარე ორგანიზაციის, Volunteers Tbilisi-ის წარმომადგენლები ჰყვებოდნენ, მამაკაცები საქართველოში შემოსვლას 11 ოქტომბერს ცდილობდნენ „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. მაგრამ ისინი საქართველოში არ შემოუშვეს და მიზეზად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თანხმობის საჭიროებაზე მიუთითეს.

მათგან მხოლოდ 4-ს აქვს თან უკრაინის მოქალაქის პასპორტი. დანარჩენ სამს მხოლოდ რუსეთის ციხიდან გათავისუფლების დამადასტურებელი მოწმობა აქვს.

„მედუზა" წერს, რომ შვიდივე სასჯელს ხერსონის კოლონიებში იხდიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წლის შემოდგომაზე ქალაქზე კონტროლის დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი რუსეთის კოლონიებში გადაიყვანეს, განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა. გათავისუფლების შემდეგ ის დანარჩენებთან ერთად მოათავსეს ვოლგოგრადის სადეპორტაციო ცენტრში, საიდან გამოშვების შემდეგაც რვა წლით აუკრძალეს რუსეთში შესვლა.

11 ოქტომბრიდან ისინი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იმყოფებოდნენ და, მათივე თქმით, ბუფერულ ზონაში მდებარე შენობის დერეფანში, იატაკზე ეძინათ. საკვები და წყალი მათთან უკრაინელ მოხალისეებს მიჰქონდათ.

როგორც გამოცემა Paper Kartuli-ს უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და უბრალოდ სამშობლოში დაბრუნება სურდათ.

აგვისტოს ბოლოს, ექვსმა უკრაინელმა 10 დღე გაატარა „ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე, სადაც საქართველოში შემოსვლის ნებართვას ელოდნენ. ჯგუფში შედიოდა ხუთი ყოფილი პატიმარი ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსეთის კოლონიებში გადაიყვანეს, სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG