Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა სასამართლოდან ხალხს მიმართა: ჩვენ ერთმანეთთან დაქორწინება არ გვჭირდება


მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გრძნობს ქართველი ხალხის სიყვარულსა და მხარდაჭერას. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელშიც დისტანციურად მონაწილეობდა კლინიკა "ვივამედიდან", მან განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება "არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს, მაგრამ მოუხდება და რომ მოუხდეს, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი ზეწოლის, ბრძოლის და ერთმანეთთან შეკავშირების".

"ძალიან კომფორტული ცხოვრება მქონდა უკრაინაში, დედაჩემთან ერთად ვიხსენებდი ამასწინათ, ასე კომფორტულად არასდროს არ ყოფილხარო. მაგრამ რა აზრი აქვს კომფორტს და კეთილდღეობას, თუ ეს არ არის შენი სამშობლოს კეთილდღეობა და შენი ხალხის კომფორტი და მომავალი, თუ იმ უბედურებას ვუყურებდი, რაც აეროპორტებში ხდებოდა - გაუბედურებული ხალხი... გული გახეთქვაზე მქონდა, მოდიოდა ეს ხალხი, სურათებს იღებდა, მიღიმოდა, მაგრამ არ მქონდა გასაღიმად საქმე. ბოლოს ავიღე თავზე ხელი, სხვა ამას არაფერი ჰქვია, და აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოვჩნდი.

აღმოვჩნდი იმიტომ, რომ თქვენი იმედი მაქვს, მჯერა, რომ ქართველი ხალხი არის სუბიექტური. აღმოვჩნდი იმიტომ, რომ აუცილებლად შევძლებთ შეკავშირებას - ჩვენ ერთმანეთთან დაქორწინება არ გვჭირდება, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ გვჭირდება. არ გვჭირდება ერთმანეთთან საქმეების გარჩევა - შენ ასე თქვი, შენ ისე თქვი. რა დროს ეს არის, ხალხო?! ჩვენ ვიყავით მაგარ გზაზე, ისევ იმ გზაზე უნდა დავდგეთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს. „7 ნოემბრის საქმე” ამ დღეს გამართული მიტინგის დარბევას, „იმედში” შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას” აერთიანებს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ საქმეში ბრალდებული არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. მათ ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.

„7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, "7 ნოემბრის საქმის" გარდა, კიდევ ორი საქმეა აღძრული.

2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

XS
SM
MD
LG