Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის რეგიონის ქალაქ ვოლნოვახში მოკლულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ბავშვები


ქუჩა ვოლნოვახში, 2022 წლის გაზაფხული
ქუჩა ვოლნოვახში, 2022 წლის გაზაფხული

უკრაინის დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ქალაქ ვოლნოვახში, მოკლულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. იუწყებიან, რომ მკვლელობა შესაძლოა, ჩაიდინა რუსმა სამხედრომ. ოფიციალურად ეს დადასტურებული არ არის.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი და მეტი პირის მკვლელობის მუხლით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობაში ნათქვამია, რომ მოკლულთა გვამები აღმოაჩინეს კერძო სახლში, მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ, სახლი ეკუთვნოდა დაღუპულ ოჯახს.

ტელეგრამის არხი "ასტრა" მოკლულთა მეზობლებზე და ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მკვლელობა რუსმა სამხედრომ ჩაიდინა. არხის წყაროთა ვერსიით, დანაშაული მოხდა 27 ოქტომბერს დონეცკის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში, რომელიც ეკუთვნოდა ოჯახს - ცოლ-ქმარს ორი შვილით. ბავშვებიდან გოგო სკოლის მოწაფე იყო, ბიჭი კი 4 წლის. არხი წერს, რომ მოკლეს ყველა მათგანი და ასევე მათი ხუთი სტუმარი, რომლებიც იმ მომენტში ოჯახთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

მკვლელობების გარემოებები გაურკვეველი რჩება. "ასტრას" ზოგმა წყარომ უთხრა, რომ მკვლელობებამდე ცოტა ხნით ადრე, რუს ჯარისკაცს კონფლიქტი მოუვიდა სახლის მფლობელთან. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მკვლელობები ჩაიდინეს მოტოციკლებით მოძრავმა სამხედროებმა იმ დროს, როცა სახლში მყოფ პირებს ეძინათ.

ვოლნოვახი რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ იქნა 2022 წლის მარტში, ბრძოლების შედეგად დაინგრა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამჟამად ის ფრონტის ხაზიდან მეტ-ნაკლებად მოშორებით მდებარეობს. რუსეთის ხელისუფლება ამ ქალაქს, ისევე როგორც დონეცკის მთელ ოლქს, რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG