Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ღაზის სექტორს დატოვებს კიდევ 600-მდე უცხოელი


ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გადასვლა 2023 წლის 1 ნოემბერს დაიწყო
ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გადასვლა 2023 წლის 1 ნოემბერს დაიწყო

დღეს, 2 ნოემბერს, ღაზის სექტორს დატოვებს და ეგვიპტის ტერიტორიაზე გადავა უცხო ქვეყნების 600-მდე მოქალაქე, მათ შორის 400 - ამერიკის შეერთებული შტატების. ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის სასაზღვრო სამსახურმა. მის სიაში არიან კიდევ 15-მდე ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, ბელგიის, ბაჰრეინის, უნგრეთის, შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდის და მექსიკის მოქალაქეები.

ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის არსებული რაფაჰის გამშვები პუნქტი უცხოელების და მძიმედ დაჭრილების ევაკუაციისთვის 1 ნოემბერს გაიხსნა. პირველ დღეს ღაზა დატოვა 400-ზე მეტმა უცხოელმა. ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაიყვანეს 80-ზე მეტი მძიმედ დაჭრილიც.

ღაზის სექტორი უკვე 27-ე დღეა საბრძოლო მოქმედებების ზონაა. ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.

კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 8700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3000-ზე მეტი ბავშვი. „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.

დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.

XS
SM
MD
LG