Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა


ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრაცია ტრაფალგარის მოედანზე. ლონდონი, 4 ნოემბერი, 2023.
ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრაცია ტრაფალგარის მოედანზე. ლონდონი, 4 ნოემბერი, 2023.

შაბათს პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ლონდონში, ბერლინში, პარიზში, ანკარასა და სტამბოლში. მისი მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და მათ დაგმეს ისრაელი, რომლის სამხედროებმაც გააძლიერეს ჰამასის წინააღმდეგ შეტევა.

Reuters-ის თანახმად, ლონდონში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით „თავისუფლება პალესტინას“ და სკანდირებდნენ „ცეცხლის შეწყვეტა ახლა“ და „ჩვენ ათასობით, მილიონობით ვართ, ჩვენ ყველანი პალესტინელები ვართ“.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია 11 ადამიანი.

დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას მას შემდეგ, რაც ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1400 ადამიანი დახოცა და 240 მძევლად აიყვანა. ბრიტანეთის მთავრობა, ვაშინგტონის მსგავსად, ჰუმანიტარულ პაუზას მოითხოვს და არა ცეცხლის სრულად შეწყვეტას.

პარიზის ცენტრში ათასობით ადამიანი გამოვიდა მსვლელობაზე. ისინი მოითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტას და ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „გააჩერეთ ძალადობა“ და „არაფრის კეთება, არაფრის თქმა თანამონაწილეობას ნიშნავს.“

ეს პალესტინელთა მხარდამჭერი ერთ-ერთი უდიდესი თავყრილობა იყო, რომლის გამართვის ნებართვაც გასცა ხელისუფლებამ ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. პალესტინელთა მხარდამჭერი წინა რამდენიმე დემონსტრაცია საზოგადოებრივი მღელვარების შიშით აკრძალეს.

9 ნოემბერს საფრანგეთში გაიმართება საერთაშორისო ჰუმანიტარული კონფერენცია ღაზის სექტორის თაობაზე. მისი მიზანია, კოორდინაცია გაუწიოს ანკლავის დახმარებას.

ბერლინში დემონსტრანტები პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ და ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის წინ. ბლინკენი ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების თაობაზე გამართავს მოლაპარაკებებს.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის ესკალაციასთან დაკავშირებით თურქეთმა მწვავედ გააკრიტიკა ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები.

სტამბოლის სარაჩანეს პარკში შეკრებილ დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით „ბლინკენი ხოცვა-ჟლეტის თანამონაწილეა, დატოვეთ თურქეთი“.

ანკარაში, აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეებს კი ეკავათ პლაკატები წარწერით: „ისრაელი საავადმყოფოებს ბომბავს, ბაიდენი ამაში ფულს იხდის“.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3700-ზე მეტი ბავშვი.
  • ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
XS
SM
MD
LG