Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „ისტორიას ჩააბარა“ ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში

დღეს, 7 ნოემბერს რუსეთმა ოფიციალურად დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა. ამ დოკუმენტით შეზღუდული იყო ხელმომწერი ქვეყნების საბრძოლო ტანკების, ჯავშანმანქანების, არტილერიის, ვერტმფრენების და თვითმფრინავების რაოდენობა.

„საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მოქმედება ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2007 წელს შეაჩერა, ჩვენთვის საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე დღეს, 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • ხელშეკრულებას 1990 წლის ნოემბერში, პარიზში მოაწერეს ხელი ნატოს წევრმა 16-მა სახელმწიფომ და „ვარშავის პაქტის“ მონაწილე 6-მა ქვეყანამ.
  • 1999 წელს, სტამბოლში, ეუთოს სამიტზე გაფორმდა ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი, თუმცა, ის რატიფიცირებული არ ყოფილა ნატოს სახელმწიფოების მიერ.
  • 2007 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების ბრძანებას, 2023 წლის მაისში კი, პარლამენტს მიმართა ხელშეკრულების დენონსაციის წინადადებით.
  • დუმის და ფედერაციის საბჭოს მიერ შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ, 29 მაისს, პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს დენონსაციის შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადად 7 ნოემბერი განისაზღვრა.

რუსეთი ხელშეკრულების დენონსაციას აბრალებს აშშ-ის და მისი მოკავშირეების „დესტრუქციულ პოზიციას“ და ნატოს გაფართოებას და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში დოკუმენტის არსებობა არ შეესაბამებოდა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს.

რუსეთმა ძალადაკარგულად გამოაცხადა ევროპაში ჩვეულებრივი შეარაღებული ძალების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული, იურიდიული ვალდებულების ძალის მქონე კიდევ ორი შეთანხმება. 1990 წლის ნოემბერში, ბუდაპეშტში გაფორმებული შეთანხმება და 1996 წლის მაისში ხელმოწერილი ე.წ. ფლანგების დოკუმენტი. პირველი განსაზღვრავდა „ვარშავის პაქტის“ მონაწილე ქეყნების ჩვეულებრივი შეიარაღების დონეს, მეორე კი, საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტის გამო, ფლანგებზე შეზღუდვის პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG