Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შიზოფრენია


ავტორი: ანი მანჯიკაშვილი

შიზოფრენია ადამიანისთვის დამახასიათებელი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოს მასშტაბით. გარდა იმისა, რომ ის ფართოდაა გავრცელებული, ასევე მის განკურნებასთან დაკავშირებულია მთელი რიგი კომლექსური საკითხები.

ახლა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მეთქმის სიტყვა ამ დაავადებაზე. სამიოდე თვის წინ, ათწლიანი რემისიის შემდეგ მოვხვდი თბილისის ერთ ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

ალბათ ამ ნაწერის წერასაც ის მდგომარეობა მაიძულებს, რაც იქ დამხვდა. ის თუ როგორ მეწურებოდა გული იმ ადამიანების ბედით და პირობებით; ეს ემოციები იმდენად მძლავრი იყო, რომ მგონი ჩემს პირად მდგომარეობას და პრობლემებსაც კი მავიწყებდა.

ის ადამიანები, რომლებიც იქ დავტოვე ახლაც მახსენდებიან და ახლაც მაინტერესებს მათი ბედი.

ერთი რამე ზუსტად ვიცი, არც ერთი მათგანი არ იმსახურებდა იმ აუტანელ ყოფას, რასაც იმ დაწესებულებაში ჰქონდა ადგილი.

ახლა მინდა შეძლებისდაგვარად აღვწერო ის მდგომარეობა, რის გადმოსაცემადაც არსებობს გაცვეთილი სიტყვა შიზოფრენია.

პირველ რიგში დავიკავოთ იმ ადამიანის ადგილი, რომელსაც ეს დაავადება ემართება.

პირადად ჩემს გამოცდილებას მოვიშველიებ, ჩემი დიაგნოზი პარანოიდული შიზოფრენიაა.

გამწვავებული მდგომარეობის და ამ გამწვავებული მდგომარეობების კულმინაციურ ეტაპზე ადამიანი ხედავს და მას ესმის ისეთი რაღაცეები, როგორიც გარშემომყოფებს არ ესმით. პირადად ჩემთვის ეს ვიზუალური და ბგერითი შეგრძნებები ატარებენ საშინლად მძიმე შინაარსებს, რაც მაიძულებს ხოლმე იმ რეაქციების გამოხატვას რაც მაშინ მაქვს; უმეტესად ეს არის ხმამაღალი ყვირილი.

ადამიანის ტვინს აქვს უნარი წარმოსახოს ვიზუალური და თუნდაც ბგერითი შეგრძნებები, მაშინ, როცა ამ შეგრძნებების წყარო პირდაპირ

გარემოდან არ მოდის. ამ ფაქტის დასტურად გამოგვადგება სიზმრის ფენომენი.

ასე, რომ ყოველ ადამიანს ვისაც შიზოფრენია ერთხელ მაინც დამართნია, ნებისმიერ მის ნაბიჯს და ქცევას აქვს ლოგიკური ახსნა, მიუხედავად იმისა გარშემომყოფებს ესმით ეს ლოგიკა თუ არა. რადგან გარშემომყოფები ვერ ერკვევიან რეალურად რასთან აქვთ საქმე, ამიტომ ჩნდება სტიგმატიზებული დამოკიდებულება და ამიტომ არ აქვთ ემპათიის გრძნობა იმათ მიმართ ვის გაგებაზე მეტადაც ადვილი ერთი სიტყვის „გიჟის“ დაძახება.

გარშემომყოფებისთვის არ არსებობს ლოგიკური ჯაჭვი ადამიანის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვისაც შიზოფრენია ემართებათ, რადგან მათთვის იმ ადამიანის მიერ გავლილი ნაბიჯები უხილავია. უმეტესად დაავადება ბოლო საფეხურზე იჩენს თავს სხვებისთვის, ხოლო დაავადების მსხვერპლი ჩუმად გადის მისთვის აუტანელ გზას, სანამ კულმინაციური ეტაპები არ დადგება.

ერთი შეხედვით, გაგიკვირდებათ და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებსაც არ გააჩნიათ ადეკვატური ცოდნა, თუ რეალურად რასთან აქვთ საქმე.ზოგადად მეცნიერება ახლა ცდილობს გაერკვეს რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს მეცნიერებიც უმეტესად ხომ ისეთები არიან ვისაც არ დამართნიათ ეს დაავადება;

ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ ადამიანებისგან მოვისმინოთ სიმართლე, რომლებმაც საკუთარ ტყავზე იწვნიეს ამ დაავადების სიმძიმე.

პირადად მე ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ფსიქიატრიის განვითარების პერსპექტივები, უფრო მეტიც, რაც უფრო ხმამაღლა გავიგონებთ ასეთი ადამიანების ხმას, მით უფრო ადვილი იქნება არა მარტო მათი დაავადების მართვა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა საზოგადოებაში, არამედ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის უფრო მეტი წარმომადგენლის დაცვა იქნება შესაძლებელი პრევენციული ღონისძიებების გატარების მეშვეობით; როგორიც შეიძლება იყოს სასწავლო დაწესებულებებში მოცემულ თემასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და ა.შ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG