Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-მა ჩინეთს ბრალი დასდო მეჩეთების დახურვასა და განადგურებაში


მეჩეთი ჩინეთში, სინიანის რეგიონში. 4 ივნისი, 2019.
მეჩეთი ჩინეთში, სინიანის რეგიონში. 4 ივნისი, 2019.

Human Rights Watch-ის (HRW) განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლება სისტემატურად ხურავს და ანადგურებს მეჩეთებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იმ რეგიონების „გაჩინურებას“, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები.

HRW-ის ცნობით, ნინსია-ჰუეისა და განსუს პროვინციებში ბოლო წლებში ბევრი მეჩეთი დაიხურა, განადგურდა ან სხვადასხვა ინსტანციას გადაეცა საერო გამოყენებისთვის. HRW-ის ჩინეთის დირექტორმა მაია ვონგმა ამას უწოდა რელიგიური თავისუფლების დარღვევა და ისლამის სისტემური ჩაგვრის ნაწილი.

მრავალეთნიკური რეგიონების „გაჩინურების“ პოლიტიკა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა 2016 წელს გამოაცხადა. 2018 წელს ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია მეჩეთების „კონსოლიდაციის“ შესახებ. მასში ნათქვამია, რომ უნდა შემცირდეს სალოცავი სახლების რაოდენობა, ახლები კი არ უნდა აშენდეს.

HRW აღნიშნავს, რომ რეზოლუციის მიღების შემდეგ, სინძიან-უიღურების რაიონში, სადაც მუსლიმთა რიცხვი ყველაზე მაღალია, დაიხურა ან განადგურდა ყველა მეჩეთის ორი მესამედი, ნინსია-ჰუეიში კი მინიმუმ მესამედი. ხელისუფლება ჯერ კიდევ მოქმედი მეჩეთების შენობებიდან ხსნის გუმბათებსა და მინარეთებს, მათ შიგნით ხურავენ ლოცვისთვის საჭირო განსაბან დარბაზებს და იღებენ ქადაგებისთვის განკუთვნილ ამბიონებს. ისინი ასევე აყენებენ სათვალთვალო კამერებს. ეს, უფლებადამცველების აზრით, შესაძლებელს ხდის, მრევლში თვალყური ადევნონ იმათ, ვისაც ეკრძალება მეჩეთებში შესვლა: ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებსა და არასრულწლოვანებს.

ჩინეთში დაახლოებით 20 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ჩინეთი ეროვნული და რელიგიური უმცირესობების, უპირველეს ყოვლისა, უიღურებისა და ყაზახების ჩაგვრაში სინძიან-უიღურების ავტონომიურ რეგიონში. მუსლიმებს აპატიმრებენ და ათავსებენ დახურულ „აღმზრდელობით ბანაკებში“. ექსტრემისტად ცნობის 47 ოფიციალურ მიზეზს შორის არის ჰიჯაბის ან წვერის ტარება; თურქულის ან არაბულის სწავლება ან სწავლა; ჰანტელების ან საკემპინგო კარვების შეძენა; ქორწილები ალკოჰოლის გარეშე; ქორწინება ისლამური რიტუალების მიხედვით და მრავალი სხვა.

ჩინეთში მხოლოდ ისლამი არ არის ზეწოლის ქვეშ. ხელისუფლება ასევე ხურავს ქრისტიანულ ეკლესიებს, ხსნის მათ ჯვრებს და დევნის მღვდლებსა და მრევლს.

XS
SM
MD
LG