Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამ თვეში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს 592 მლნ ლარი დახარჯეს


ფოტო არქივიდან: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ფოტო არქივიდან: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

2023 წლის მესამე კვარტალში, რაც ივლისი-აგვისტო-სექტემბრის პერიოდს მოიცავს, საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ თითქმის 820 ათასჯერ გავიდნენ და 592,4 მილიონი ლარი დახარჯეს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საზღვარგარეთ გასვლა 18,2%-ით, ხოლო დანახარჯები 7,1%-ით არის გაზრდილი.

  • პირველ კვარტალში 585,8 ათასჯერ გავიდნენ და 372,5 მილიონი ლარი დახარჯეს;
  • მეორე კვარტალში 697,8 ათასჯერ გავიდნენ და 514,3 მილიონი ლარი დახარჯეს.

820 ათასი გასვლიდან 647,2 ათასი ვიზიტი იყო. განახლებული ინფორმაცია გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატმა დღეს, 24 ნოემბერს გამოქვეყნა.

ვიზიტორი 15 წლის ან უფროსი ასაკის პირია, რომელიც ქვეყნიდან ერთ წელზე ნაკლები დროით გავიდა;

ვიზიტორებში არ შედიან: დასაქმების მიზნით წასულები; დიპლომატები; შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები.

2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა 21,7%-ით არის გაზრდილი.

ვიზიტებში ორი ქვეკატეგორიაა: ტურისტული და ექსკურსიული. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია როგორც ტურისტული, ისე ექსკურსიული ტიპის ვიზიტები.

ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც, სულ მცირე, ერთი ღამე მაინც გაათენა უცხო ქვეყანაში;

ექსკურსანტი კი არის ვიზიტორი, რომელიც უცხოეთში ღამეს არ ათენებს - საზღვარს კვეთს და იმავე დღეს ბრუნდება.

მესამე კვარტალში 397,6 ათასი ტურისტული და 249,6 ათასი ექსკურსიული ვიზიტი განხორციელდა. საქართველოდან საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მიზანი საყიდლები და მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო.

საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად, თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში გადიოდნენ.

2023 წელს საზღვარგარეთ გაწეული ჯამური ხარჯები გაზრდილია, თუმცა თითოეულ ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 915,3 ლარი გახდა.

XS
SM
MD
LG