Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შუა დერეფანში" ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე ვმუშაობთ - ღარიბაშვილი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ბაქოში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მუშაობენ "შუა დერეფანში" საერთო ტარიფების სისტემის დანერგვაზე.

აზერბაიჯანში ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის გაეროს სპეციალური პროგრამის (SPECA) ფარგლებში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ “შუა დერეფანი” ტვირთების მიწოდებისთვის ყველაზე სწრაფი და საიმედო არხია.

“ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობაში მიღწეულ შედეგებსა და ჩინეთთან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის მონაცემებიც მოიყვანა.

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით”,- განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა 2021-2022 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაზეც ისაუბრა. ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 10%-ს გადააჭარბა. ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა წელსაც შენარჩუნდება. პრემიერ-მინისტრმა ასევე ახსენა ანაკლიის პორტისა და “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის” პროექტი და თქვა, რომ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ევროპისთვისაც საინტერესოა.

ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო სფეროს მინისტრებმა გასული წლის ნოემბერში ხელი მოწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარების შესახებ. ის მიზნად ისახავს კასპია-შავი ზღვის რეგიონში ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას.

უკრაინის ომის შემდეგ, გაზრდილია „შუა დერეფნის“ მარშრუტით ჩინეთიდან აზერბაიჯანის - და შემდეგ საქართველოს - გავლით ევროპაში გატარებული ტვირთის მოცულობა.

XS
SM
MD
LG