Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰენრი კისინჯერი


ჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი

ამერიკის კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ჰენრი კისინჯერი. მას 2023 წლის 27 მაისს 100 წელი შეუსრულდა.

ცნობა ჰენრი კისინჯერის გარდაცვალების შესახებ დღეს, 30 ნოემბერს, გაავრცელა მის მიერ შექმნილმა კონსალტინგურმა ფირმამ Kissinger Associates.

ჰენრი კისინჯერი გერმანიაში დაიბადა, ებრაელთა ოჯახში, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს ნაცისტების დევნას აშშ-ში გაექცა. 1950 წელს ჰენრი კისინჯერმა ჰარვარდის კოლეჯი დაამთავრა. მანამდე აშშ-ის არმიაში მსახურობდა.

1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი. მედიის მიერ „დიპლომატიის გროსმაისტერად“ წოდებული ჰენრი კისინჯერის სახელს უკავშირდება ვიეტნამში ომის დასრულება, ჩინეთთან ურთიერთობების გახსნა და საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შემცირება.

1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.

სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ჰენრი კისინჯერი პოლიტიკურ კონსულტაციებს უწევდა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან კისინჯერი არაერთხელ სტუმრობდა რუსეთს, სადაც პრეზიდენტ პუტინსაც ხვდებოდა.

ჰენრი კისინჯერი ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, განსაკუთრებით უკრაინის მიღების მოწინააღმდეგე იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს გაზრდიდა დაძაბულობას დასავლეთსა და რუსეთს შორის და შესაძლოა, ომიც გამოეწვია.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კისინჯერი ორივე ქვეყანას მოუწოდებდა მოლაპარაკებების დაწყებისკენ. 2022 წლის მაისში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს, უკრაინას შეუძლია აწარმოოს მოლაპარაკებები ყირიმის სტატუსზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კისინჯერის წინადადება ნაცისტურ გერმანიასთან დათმობებზე წასვლას შეადარა.

XS
SM
MD
LG