Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის პანსიონატის საქმეზე ევროსასამართლომ მოსარჩელეების ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა


სტრასბურგი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა
სტრასბურგი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქობულეთში ისლამური პანსიონატის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლის საქმეზე მოსარჩელეების ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა. მან დარღვეული უფლებების კომპენსაციისთვის 5000 ევრო გაითვალისწინა. გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამოქვეყნდა. "ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებისა" და შვიდი სხვა მუსლიმური თემის წარმომადგენლის სახელით განაცხადი ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" 2019 წელს წარადგინა, „ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან" (EHRAC) ერთად.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი ცხოვრების უფლება) მუხლის დარღვევა.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) დარღვევა, მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში (მან მიიჩნია, რომ პოლიციამ არ შეაჩერა კერძო პირების დისკრიმინაციული ქმედებები რელიგიური პანსიონატის წინააღმდეგ და ამასთან ერთად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შევიწროების აქტზე, გამოძიების ფორმალური ჩატარების მიუხედავად, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ დადგა).
  • ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევა (პანსიონატის ადმინისტრაციის მხრიდან შენობით სარგებლობის შეუძლებლობის გამო).

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს: „ევროპული კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან და მათთან კავშირში მე-14 მუხლთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, განმცხადებლების პირადი ცხოვრება, ღირსება და რელიგიური მრწამსი სათანადოდ არ იქნა დაცული. განმცხადებლები აგრესიულად განწყობილი ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის დროს სიძულვილის ენის, მუქარისა და დამამცირებელი მოპყრობის სამიზნეები იყვნენ. აღნიშნულმა კი, პოლიციის უმოქმედობასთან ერთად, შიშისა და დაუცველობის განცდა ჩამოაყალიბა, რის გამოც განმცხადებლებმა, პანსიონატის გახსნისგან თავი შეიკავეს.

კონტექსტის გააზრებისა და გარემოებების ობიექტური შეფასების ფონზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები, განმცხადებლების რწმენის წინააღმდეგ იყო მიმართული, კერძოდ კი, მათ დასამცირებლად და შესაშინებლად. ამიტომ, არსებითი იყო შესაბამის ეროვნულ ორგანოებს გაეღოთ ყველა შესაძლო ზომა, მათ შორის სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით გამოძიების ჩატარება რელიგიით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს პოზიტიური ვალდებულება, რომ დაედგინა რელიგიურ მრწამსთან მიმართებით ზიანი, რაც უნდა ყოფილიყო ამ მოვლენების გამოძიების ცენტრალური ყურადღების საგანი".

პანსიონატის შენობის კარზე ღორის თავის დაკიდება

განმცხადებლები ასევე სადავოდ მიიჩნევდნენ კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) დარღვევას და მათ მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, სასამართლომ არ უარყო, შენობის კარზე ღორის თავის დაკიდების ფაქტი რამდენად დამამცირებელი შეიძლება ყოფილიყო მუსლიმი თემის წარმომადგენლებისათვის, თუმცა დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე გამოვლენილი სისასტიკის ზვარი არ უახლოვდება კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტს და ღირსების შელახვის შეფასება კონვენციის მე-8 მუხლის ქვეშ მოახდინა.

საკუთრების უფლების ფაქტობრივად დაკარგვა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებს“ ჰქონდა დაქირავებული შენობის თავისუფლად გამოყენებისა და მფლობელობის უფლება. სასამართლომ მიუთითა კერძო პირების მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებსა და სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ არასაკმარის ზომებზე და აღნიშნა, რომ შპს „ქობულეთის წყლისა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სკოლის შენობის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირების განზრახ შეფერხებით, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებმა“ ფაქტობრივად დაკარგა თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, იმდენად, რამდენადაც მას მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში არ მიეცა შესაძლებლობა, რომ თავისი სურვილის შესაბამისად, შენობა მუსლიმური სკოლის გასახსნელად გამოეყენებინა.

ორგანიზაციის განცხადებით, საყურადღებოა, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა სახელმწიფოს პოზიცია, რომ განმცხადებლისთვის თავისი უფლებების ეფექტური დაცვის საშუალების მინიჭების გზით, სახელმწიფომ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება შეასრულა. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სკოლის შენობით სარგებლობის უფლების დაკარგვა, მისი თანმდევი შედეგებით, ვერ იქნება მხოლოდ კერძო პირების არაკანონიერი ქმედებების შედეგი იმდენად, რამდენადაც პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა, დისკრიმინაციული ქმედებებისა და მუქარის წნეხის ფონზე, ვერ შეძლეს დროულად შეეჩერებინათ სკოლის ბლოკადა, რაც სასამართლომ სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობად მიიჩნია.

„ცხადია, რომ მომავალში აღნიშნული საქმის აღსრულების ეტაპზე შესაძლებელი გახდება მთელი რიგი ზოგადი ღონისძიებების დაკისრება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და შევიწროების პრაქტიკების აღმოფხვრისა და პრევენციისკენ იქნება მიმართული", - აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი".

XS
SM
MD
LG