Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ მოველოდი რომ დამელაპარაკებოდა" - ყოლბაია შამბასთან ონლაინშეხვედრის შესახებ


ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) წევრი.
ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) წევრი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ დისტანციური შეხვედრა გამართეს. მას თბილისში აქტიურად გამოეხმაურნენ, როგორც მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, ოპოზიციის ლიდერები.

ონლაინშეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. თანამოსაუბრეებმა მოკლედ მიმოიხილეს შეიარაღებული კონფლიქტის საწყისები და მისი დაძლევის შესაძლებლობები.

ვახტანგ ყოლბაიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ მისთვის მოულოდნელობა იყო, რომ სოხუმიდან თანამდებობის პირი დიალოგზე დათანხმება.

„არ მოველოდი რომ დამელაპარაკებოდა, რადგან 30 წელი ერთანეთთან არ გვილაპარაკია, არ მინდა კონსპიროლოგიაში წავიდე, მაგრამ ალბათ შინაგანად იცოდა, რომ ჩემთან საუბრისაც ხელი გახსნილი ჰქონდა, რა ვიცი საიდან და რატომ“.

ყოლბაია ამბობს, რომ შამბასთან ახალი არაფერი შეუტყვია, ის ამ პოზიციას დიდი ხანია გამოხატავს, სხვადასხვა წრეებში საუბრები ახლაც არის, სამოქალაქო ორგანიზაციების დონეზე. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, პოლიტიკურ დონეზე საუბრის შესაძლებლობაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა შესაძლოა - იყოს ეკონომიკაზე", - განაცხადა ყოლბაიამ.

ორგანიზატორის, ვანო ჩოკორაიას შეკითხვაზე, სერგეი შამბამ უპასუხა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა სერგეი შამბას, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, განცხადებას, რომელიც შეეხება კონფლიქტის დასაძლევად საუბრის საჭიროებას.

შალვა პაპუაშვილს თქმით, პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, ის ფორმატს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს დროის საკითხია.

პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ შამბასა და ყოლბაიას დიალოგი დაემთხვა ენგურზე სამუშაოებს და ხიდის გახსნაზე საუბარს.

„გაკვირვებული ვარ, როგორ დაემთხვა დროში ეს ონლაინ დიალოგი ხიდის გახსნის საკითხს, ენგურზე სამუშაოებს, რაც ჩვენ ვნახეთ და საუბარს ხიდის გახსნაზე. მე წინააღმდეგი დიალოგის არ ვარ, მათ შორის, ბჟანიას მხრიდან იყო შემოთავაზება პირდაპირ დიალოგზე, რაზეც ხმა არ ამოუღია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ძალიან უცნაური იყო, ფორმა როგორ გასაჯაროვდა და რა დროს ამ ონლაინ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. პოლიტიკა აქამდე იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ დიალოგზე შეთავაზების პასუხად დუმდა და უცებ ვხედავთ, რომ დიალოგი დისტანციურად შედგა. შესაბამისად, მე მაქვს კითხვები პოლიტიკასთან დაკავშირებით. იცით, რომ პოლიტიკა არ განახლებულა და დეოკუპაციის ხედვა არ არსებობს, არც სტრატეგია განახლებულა. იცვლება პოლიტიკა, როცა ამ ტიპის დიალოგის შესახებ ვიგებთ, თუ არ იცვლება? განაახლა მიდგომა „ქართულმა ოცნებამ“ თუ არ განაახლა? ძალიან უცნაურ დროში მოხდა ამ სიახლის გავრცელება. აქ ლაპარაკის პრობლემა კი არა, პოლიტიკის პრობლემაა. ეკონომიკის კუთხით დიალოგი ყველაზე უწყინარი რამ არის, რაზეც შეიძლება ისაუბრო, მაგრამ როცა აქამდე პოლიტიკა იყო, რომ ამ ტიპის ფორმატები არ უნდა ყოფილიყო, ახლა რა ხდება და იწყება თუ არა პოლიტიკის ცვლილება? პოლიტიკაა საინტერესო და როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკა სადღაც კულუარებში ისე იძერწება, რომ პარლამენტმა არ იცის, მთავრობის ძალიან ბევრმა წევრმა არ იცის, არაფორმალური პოლიტიკა არის მთავარი პრობლემა და დრო, რა დროსაც ეს ხდება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

ქართული მხარე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები - ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში კი გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა.

XS
SM
MD
LG