Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში


ავტორი: ქეთევან შარაშენიძე

„მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,როგორც წყალში დგას წნორის ძირები“

დამალობანა.

დღე პირველი. 1992 წლის 14 აგვისტო.

ომი დაიწყო,დედაჩემის ხელს ვებღაუჭები. მეშინია გზის,რომელიც არვიცი სად წამიყვანს. ვტოვებ სახლს და მივდივარ იქ, სადაც შეიძლება არც კი მელოდებიან. დაბომბვის ხმა მესმის. ვგრძნობ, დედას აღელვებული სახე, როგორ ებრძვის სიმწრით წამოსულ ცრემლთა ნაკადულს. ჯარისკაცების განწირული ხმა გულს ორმაგად მიგლეჯს და მე მაინც არ ვჩერდები ისევ,მივდივარ, მივდივარ, სადღაც შორს იმ მიწიდან, რომელსაც უკანასკნელად ხედავს ჩემი თვალები. ვემშვიდობები შერეული ტყით შემოსილ მთებს შორის მოქცეულ ლურჯად მოლივლივე რიწის ტბას, კლდის შუაგულიდან ზღაპრულად გადმოსხმულ შეუჩერებელ, თითქოს ცრემლად დაღვრილ ჩანჩქერებს, შავი ზღვის სანაპიროდან წამოსულ სურნელოვან ტალღებს და ჭრილობა ნელ-ნელა მეხსნება. მტკივა მიტოვებული სახლ-კარი, დანგრეულ შენობებზე მჭიდროდ გაშლილი მწვანე ხავსები, ძველ რკინიგზის სადგურზე მგზავრის გარეშე, დარჩენილი მატარებლის ვაგონები, მტვრისგან ნაცრისფრად შეფერილი დანგრეული შენობები. მენატრება დილის მზეზე დანახული ოჩამჩირის ყვითლად შეღებილი სანაპირო მოცეკვავე დელფინებთან ერთად.

მახსოვს, როცა ომი დაიწყო 6 წლის ვიყავი. მეგობრებთან ერთად ეზოში დამალობანას ვთამაშობდი. მე ვიხუჭებოდი. ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებდა, სამალავს დიდი მონდომებით ეძებდა ხოლმე შემდეგ, ნახევარი საათის განმავლობაში მთელი სამეგობრო მის პოვნას ვანდომებდით. დაქანცულები ერთმანეთს გადავხედავდით და დაღვრემილი სახით ვაცხადებდით, რომ სამალავიდან გამოსულიყო.წითელი დროშით ხელაღმართული გამოგვეცხადებოდა და სიცილით გვპასუხობდა:

-როგორც ყოველთვის ისევ გავიმარჯვე.

არ ვიცი როგორ ახერხებდა ისე დამალვას, რომ ვერავის ვერ გვეპოვნა. მას ღიმილას ვეძახდით, ყოველთვის იცინოდა, ოქროსფერი თმის კულულები და ნაზად დახრილი წამწამები სახეს უმშვენებდა.

იმ სიბნელით მოცულ ღამეს ჩვენ სიცოცხლისთვის ერთად ვიბრძოდით.

ბრბოში უიმედოდ მივრბოდით. ქალის განწირული გოდება გვესმოდა,რომელიც საკუთარი სახლის ნანგრევებზე, გაქვავებულ, სისხლით შემშრალ ხელებს ამოძრავებდა და დახმარებას ითხოვდა. ვუყურებდით კვამლში გახვეულ მტვრისგან შემოსილ შენობებს, რომლებიც თითქოს მიწას ებღაუჭებოდნენ გადასარჩენად. ფეხები გვტკიოდა, მაგრამ შეუჩერებლად ვაგრძელებდით სირბილს.

-რაც არ უნდა მოხდეს ხელი არ გამიშვა- მითხრა მან.

ციდან ტყვიების წვიმა დაიწყო. დავიკარგე. შეშფოთებული ისევ გავრბოდი. დედასთან მინდოდა. ვგრძნობდი გახშირებულ სუნთქვას აყოლილ ძარღვების სწრაფ მოძრაობას ,შუბლზე სიმწრისგან დაღლილი ოფლის წვეთები თვალებზე მეთამაშებოდნენ და ღმერთის არსებობით გახარებული, იმედიანად ისევ გავრბოდი. ჩემი მეგობრის ყვირილის ხმა გავიგე. მეუბნებოდა: “კარგად დაიმალე არავინ გიპოვოსო”, უკან მოვიხედე და დავინახე როგორ ეძებდა ისევ სამალავს ოღონდ, სამალავს ამჯერად, გადარჩენისთვის. მე კი გადავრჩი, მაგრამ ჩემი ბავშობა იმ დანგრეულ შენობას შეეწირა, რომელშიც ჩემი საუკეთესო მეგობარი სიკვდილს უშიშარი პატარა სხეულით ებრძოდა. დროშით ხელჩაბღაუჭებულს ისევ, ველოდებოდი, მაგრამ ის აღარ ჩანდა. სამუდამოდ შევხედე მის ცრემლშემშრალ სახეს, შუბლზე ვაკოცე, მან კვლავ გამიცინა და სიტყვები ჩემამდე, ჰაერს გამოატანა.“მეგობარო,დღეს მე დავმარცხდი ვერ გავიმარჯვე“ თქვა და ღიმილით სავსე თვალები უკანასკნელად დახუჭა.

დრომ შემცვალა გავიზარდე. კვლავ საქართველოში ვცხოვრობ, მაგრამ იქ ვერ ვბრუნდები, სადაც ჩემი ბავშობა ძველ შენობებთან ერთად სიმარტოვეში მელოდება. წასვლა არ შემიძლია. მოგონებებმა გაყინულ სულს ფარდა ახადეს და შიშველ სხეულზე დაუკითხავად გადამაფარეს. წარსულს კიდევ ერთხელ გავაყოლე ჩემი სევდანარევი ფიქრები, მეტეხს გავხედე, შემდეგ ღამის თბილისმა დამიძახა მეც შემომხედეო და გონებაში საბოლოოდ, აღვიდგინე წლების წინ დანახული აფხაზეთის წითლად შეღებილი ჰორიზონტი, სადაც მზე უკანასაკნელად ომამდე ამოვიდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG