Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა


"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები

"ნაციონალური მოძრაობის" 13-დან 7-მა წევრმა ბათუმის საკრებულოში პარტია დატოვა. მათ გარდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმაც.

"ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ვტოვებთ პარტიას და ერთგული ვრჩებით "ვარდების რევოლუციის" იდეალების. ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. "ნაციონალური მოძრაობის" ეს წევრები, ვინც პარტია დატოვეს, ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ. ჩვენ ცხოვრების ნახევარი ამ პარტიაში ვიყავით და ჩვენთვის ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი კირთაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა. ის 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ბათუმის მერობის კანდიდატი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან".

გიორგი კირთაძემ "ნაციონალური მოძრაობის" რიგების დატოვებაზე მიღებული გადაწყვეტილება დაუკავშირა უთანხმოებას პარტიის ახლანდელ მმართველებთან. იგი თავის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას განიხილავს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად.

"ნიკა მელია გამორჩეული და რეიტინგული პოლიტიკოსია. ჩვენ უახლოეს პერიოდში გეტყვით, როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და რა პოლიტიკური გაერთიანება იქნება."

"ნაციონალური მოძრაობიდან" წასულთა შორისაა მირდატ ქამადაძეც. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "პარტია დატოვა ბათუმის ორგანიზაციის დიდმა ნაწილმა":

"უნდა დასრულდეს შიდა პარტიულ გარჩევებში ჩვენი მონაწილეობა, იმიტომ რომ საზოგადოებას აინტერესებს, რას სთავაზობენ პოლიტიკოსები და როგორი ქვეყანა წარმოუდგენიათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ; როგორ უნდა შეძლოს ამ ქვეყანაში უკეთესად ცხოვრება. დღეიდან ამ საკითხებზე ვიქნებით ფოკუსირებული. ვრჩებით ბრძოლაში ევროპული მომავლისთვის და იმისთვის, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი".

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი წევრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკოსები ბოლო თვეების განმავლობაში ცდილობდნენ დაეზიანებინათ პარტია.

“სამწუხაროდ, ეს ადამიანები რვა-ცხრა თვეა [ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ] გასულები არიან პარტიიდან და ამ ხნის განმავლობაში, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ პარტია დაეზიანებინათ. მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, სამწუხაროდ, მათ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს, უბრალოდ დღეს გააფორმეს ეს ოფიციალურად", - თქვა მან.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.

იმავე დღეს „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებაზე განცხადება არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG