Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 17-მა წევრმა ზუგდიდში


"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრიფინგი ზუგდიდის საკრებულოში
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრიფინგი ზუგდიდის საკრებულოში

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-დან 14-მა წევრმა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ სამმა წარმომადგენელმა, რომლებიც საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა დღეს, 5 დეკემბერს, გააკეთეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე. მათი განმარტებით, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ჯერჯერობით არ აპირებენ ფრაქციის დაშლასაც.

პარტიის დატოვების მიზეზად მათ ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, "მართვის არადემოკრატიული პრინციპები” დაასახელეს.

პარტიიდან წასულები არ აკონკრეტებენ, ითანამშრომლებენ თუ არა “ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან, იმ შემთხვევაში, თუ ის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ჩამოაყალიბებს.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მაია კალანდიამ განაცხადა, პარტიის დატოვების მიუხედავად, ისინი რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" საწყისი ღირებულებების ერთგული და გააგრძელებენ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას.

„ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან…ვაპირებთ ვუერთგულოთ დემოკრატიულ პრინციპებს და ამისთვის ვტოვებთ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”… ჩვენ უარს არ ვეუბნებით ჩვენს თანამებრძოლებს, იმ 8 ადამიანს, ვისთანაც ერთადაც მოვედით ამ დარბაზში და ვიბრძვით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ”, - განაცხადა მაია კალანდიამ.

მისი სიტყვებით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა აუცილებლად შეიქნება, რის შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან ინფორმაციას.

ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია. საკრებულოში 22 მანდატი „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა, 20 - „ქართულ ოცნებას“, 3 კი - „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დეკემბრის დასაწყისში ბათუმის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმაც დატოვა.

დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა. „საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - თქვა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე.

იმავე დღეს ტელეკომპანია „ფორმულის“ ღამის ეთერში მან განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა“.

XS
SM
MD
LG