Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტითაა გაზრდილი


ფოტო არქივიდან, საქართველოს მთავრობის სხდომა
ფოტო არქივიდან, საქართველოს მთავრობის სხდომა

აშშ-ის "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 54% დადებითად აფასებს, 38% კი - უარყოფითად. მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 43 - 43% იყო. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა.

ჯამში გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ პრემიერის საქმიანობა მიჩნეულია საშუალოდ ან კარგად, 29%-ისთვის - კარგად, 37%-ისთვის - საშუალოდ. ხოლო 26% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

პრეზიდენტის საქმიანობა მოსწონს 16%-ს , 41% საშუალოდ აფასებს, 30 % კი - ცუდად.

პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს 13%, საშუალოდ - 44%, 34%-ს კი არ მოსწონს.

უმრავლესობის, 53%-ის აზრით, პარლამენტი არ ითვალისწინებს მათნაირი ადამიანების შეხედულებებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა NDI-ის დაკვეთით 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პირისპირ გამოკითხვის გზით ჩაატარა "CRRC საქართველომ". კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

  • საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2023 წელი;
  • 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება);
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%.

შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

შერჩევა

  • წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;
  • დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტი. ესენია ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი;
  • მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელთაც აქვთ ურბანული სტატუსი;
  • ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე- ჯავახეთსა და კახეთში.

მეთოდოლოგია

NDI და CRRC კვლევაში იყენებენ სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს:

  • სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად;
  • კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა;
  • შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
  • რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით;
  • არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება;
  • ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
XS
SM
MD
LG