საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) გამოაქვეყნეს, მოიცავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებასაც.
კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების 37% იზიარებს.
ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან. შეკითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს... პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 30% პასუხობს - პროდასავლური;
- ოპოზიციის მხარდამჭერთა 46% - პროდასავლური;
- 36% იმ მოქალაქეების, რომლებმაც არ დაასახელეს პარტია - პროდასავლური.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%.
მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.
კვლევის თანახმად, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს.
NDI-ს მონაცემებით, ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
---------------------
ახალი კვლევა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღებამდე ჩატარდა.
- პირისპირი გამოკითხვა (ოქტომბერი-ნოემბერი 2023);
- საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2023;
- 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება);
- საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%.
შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.
შერჩევა
- წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;
- დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტი. ესენია ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი;
- მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელთაც აქვთ ურბანული სტატუსი;
- ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე- ჯავახეთსა და კახეთში.
მეთოდოლოგია
NDI და CRRC კვლევაში იყენებენ სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს:
- სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად;
- კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა;
- შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
- რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით;
- არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება;
- ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.