Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, უნგრეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას


ირაკლი კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე უნგრეთის პოზიციის შესახებ ილაპარაკა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც მედიას უთხრა, უნგრეთში ვიზიტის დროს მას დაუდასტურეს, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. კობახიძის თქმით, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიცია არ აისახება საქართველოზე.

„ჩვენ ვიზიტის დროს უნგრეთში კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ, რა თქმა უნდა, უნგრეთი, ზოგადად, არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის მყარი პოზიცია. გარდა ამისა, უნგრეთის პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მოლდოვასთან და ბოსნიასთან მიმართებით. უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას და ბოსნიასთან დაკავშირებით იმ რეკომენდაციას, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან - დათქმებით, რომ შემდეგ მოლაპარაკებები გაიხსნას. შარშანაც სამივე ქვეყანა ერთ კალათში იყო, გახსოვთ. სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ერთ კალათში განიხილებოდა, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს - არა. მაშინაც ერთი კალათი იყო ამ გაგებით, არავითარი განსხვავება არ არის წელს. რატომ არავინ გააპროტესტა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ ის, რომ ერთი კალათიდან საქართველო სრულად უსამართლოდ ამოიღეს? ახლა რატომ საუბრობენ ასეთი დაჟინებით იგივე ადამიანები, რომ მაინცდამაინც ერთ კალათში უნდა იყოს განხილული ჩვენი და სხვა ქვეყნების საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოთხდღიანი ვიზიტით დეკემბრის დასაწყისში იმყოფებოდა.

ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა. წერილში ნათქვამია, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.

ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.

ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო.

ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა.

რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, დიდი ალბათობით, 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით.

„გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების" პროექტს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 12 დეკემბერს ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე განიხილავენ, 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

XS
SM
MD
LG