Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშელი პუტინის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ევროპისთვის საფრთხედ განიხილავს


შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ლაპარაკობს რუსეთში 15-17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, მიშელი ამბობს, რომ ეს რეალური საფრთხეა ევროპისთვის.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საფრთხე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ეს არ არის თეორიული საფრთხე. ეს რეალური საფრთხეა. და ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ევროპული სუვერენიტეტი. მეტი ინსტრუმენტი უნდა შევიმუშაოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გავლენის გასაძლიერებლად, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩვენ უნდა შევქმნათ ალიანსები. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ დანარჩენ სამყაროსთან. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ყალბ ამბებს და რუსულ ნარატივებს, რადგან ვიცით, რომ რუსეთის მიზანია ჩვენი დემოკრატიული მოდელების დესტაბილიზაცია. რატომ? იმიტომ რომ ამ რეჟიმში რუსეთს ეშინია დემოკრატიული პრინციპების", - ამბობს შარლ მიშელი.

მისი თქმით, "ფაქტობრივად, ისინი პანიკაში ცვივდებიან, როდესაც ხედავენ, რომ მათ მეზობელ უფრო მეტ ქვეყანას სურს განავითაროს პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე".

მიშელის სიტყვებით, რუსეთის და კრემლის მიერ უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც, ალბათ, უკრაინელების ძალიან მკაფიო არჩევანი იყო.

"ეს არის არჩევანი თავისუფლებისთვის, არჩევანი დემოკრატიული პრინციპებისთვის. ეს არის არჩევანი მეტი კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთში არის ავტორიტარული მოდელის განვითარების პოლიტიკური ნება. მათ იციან, რომ დემოკრატია მათთვის საფრთხეს წარმოადგენს", - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა ევროკავშირი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც სურთ, მიშელი უპასუხებს, რომ ევროკავშირმა გაბედული გადაწყვეტილებები მიიღო რუსეთისა და მისი ხელმძღვანელებისთვის სანქციების დაწესების თვალსაზრისით. „ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები, არ ვფიქრობთ, რომ ეს არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება“, - ამბობს შარლ მიშელი.

8 დეკემბერს კრემლში „რუსეთის გმირებთან“ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ წარადგენს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება.

ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციას მართავს 1999 წლიდან, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ. 2000-იან წლებში ის ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად: 2000 და 2004 წლებში, როცა საპრეზიდენტო ვადა ოთხი წლით განისაზღვრებოდა.

2008 წელს პუტინმა და მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა დმიტრი მედვედევმა თანამდებობები გაცვალეს - პრეზიდენტი გახდა დმიტრი მედვედევი, ხოლო პუტინმა დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

2012 წელს პუტინი მესამე ვადით აირჩიეს. ამასთან, იმავე წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პრეზიდენტობის ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაზარდა.

2018 წელს პუტინი მეოთხედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი.

2020 წლის 11 მარტს რუსეთმა პირველი კოსმონავტი ქალის, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში (ე.წ. პრეზიდენტობის ვადის განულების შესახებ), რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინს შეუძლია პრეზიდენტის არჩევნებში კენჭის ყრა როგორც 2024, ასევე 2030 წელსაც. ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის ფონი, როგორც წესი, არის ომები და ე.წ. სპეცოპერაციები - ჩეჩნეთის მეორე ომი, საქართველოსთან ომი, ყირიმის ანექსია, ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG