Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონზე, ნიკოლაევსა და ოდესაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ოდესის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. დრონით დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი ოდესის ოლქში

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე დრონებით და რაკეტებით რუსეთის მორიგ შეტევას.

ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო დაზიანებულია 10-ზე მეტი შენობა და საპორტო ინფრასტრუქტურა. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 13 დეკემბერს, საღამოდან დაწყებული შეტევის შედეგები დღეს დილით გამოაქვეყნა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ. მისი ინფორმაციით, შეტევა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქ ოდესაში დააზიანა საერთო საცხოვრებელი და კიდევ 11 შენობა. ოდესის ოლქის იზმაილის პორტში დაზიანებულია მარცვლეულის ორი საცავი.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეტევა განახორციელეს ანექსირებული ყირიმიდან და რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან. საჰაერო ძალების ცნობით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა 42 უპილოტო საფრენი აპარატიდან 41 ჩამოაგდეს. უმრავლესობა ოდესის ოლქში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან 6 საზენიტო რაკეტით შეუტიეს ნიკოლაევის ოლქს და ხერსონის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც კიევი აკონტროლებს.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად ხერსონში დაიღუპა ხანდაზმული ქალი. დანგრეულია კერძო სახლი. დაზიანებულია სასწავლო დაწესებულების და ამბულატორიის შენობები. შსს-ს თანახმად, ნიკოლაევის ოლქში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

XS
SM
MD
LG