Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ძალებს გადასცეს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში

ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცეს. ცნობას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალისა" და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსის“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, პროექტი დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად.

სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად, „დელტა-ვებეს" ბაზაზე შექმნილ ტრენინგცენტრში წარმატებით მიმდინარეობს დრონების ოპერატორების მომზადებისა და გადამზადების პროცესი.

„მრავალფუნქციური სარადარო სისტემები და უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალების განვითარების 2030 გეგმის შესაბამისად გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას", - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ვაზიანის სასროლეთში გამართულ საჩვენებელ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები, ასევე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ამერიკული წარმოების სახმელეთო სათვალთვალო რადარების შესაძლებლობები და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნეს.

სასროლეთის სტუმრები WARMATE-ის და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენებს დაესწრნენ, ასევე დააკვირდნენ სტაციონარული და მობილური სახმელეთო რადარების, სადაზვერვო დამრტყმელი კვადროკოპტერებისა და ბარაჟირებადი (კამიკაძე) უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდის პროცესს.

პირველი ცნობები, რომ პოლონური კომპანია საქართველოსთვისაც დაამზადებდა უპილოტო საფრენ სისტემებს, კომპანიის ვებსაიტზე 2022 წლის მაისში გაჩნდა - წერდნენ, რომ WB GROUP-მა ამ მიზნით შექმნილი კომპანიის, Delta-WB-ს (დელტა ვებეს) მეშვეობით (რეგისტრირებული 2021 წლის 1 დეკემბერს) გააფორმა კონტრაქტი უპილოტო სისტემების წარმოებაზე.

XS
SM
MD
LG