Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც პარტია ოფიციალურად 8 დეკემბერს დატოვა და თქვა, რომ მიდის “წინ, მომავლისკენ”, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს იმ პარტიით, რომლის პრეზენტაციასაც მომავალი წლის დასაწყისში გამართავს.

"ბევრს მიაჩნია, რომ თუ ორნი ერთად ვიქნებით, მეტი ხმა გვექნება - ასე არ არის. დრომ დაადასტურა, რომ ორი, სამი სუბიექტი გაერთიანებულა და პირიქით, ხმები დააკლდა, კი არ გაეზარდა. ამომრჩეველი არის სპეციფიური, განსწავლული უკვე და სიყალბესაც ამჩნევს. რამდენიმე სუბიექტს პოლიტიკაც არასწორი აქვთ არჩეული, როდესაც 24 საათი საუბრობენ გაერთიანებაზე - ჩემზეც კი ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ამ გაერთიანებაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვთ და უბრალოდ ეშინიათ, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ", - ასე უპასუხა ნიკა მელიამ რადიო თავისუფლების კითხვას სავარაუდო პარტნიორების შესახებ.

ნიკა მელიამ 7 დეკემბერს საკუთარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.

ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.

XS
SM
MD
LG