Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანიფესტაციამდე მუნიციპალიტეტის გაფრთხილების ვალდებულება არაკონსტიტუციურად გამოცხადდა


საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ის შინაარსი, რომელიც ორგანიზატორებს, იმის მიუხედავად, თუ რა მოცემულობის წინაშე იდგნენ, ავალდებულებდა მუნიციპალიტეტისთვის გეგმების შესახებ ეცნობებინა 5 დღით ადრე. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა - 9 მოსამართლემ 14 დეკემბერს მიიღო.

"არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია", - წერია გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება შეუძლებელია. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ომბუდსმენმა 2021 წლის 27 ივლისს მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლითაც "უზრუნველყოფილია, წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება". კანონის ეს მუხლი, არაკონსტიტციურად ცნობამდე, შეკრების ორგანიზატორებს ავალდებულებდა 5 დღით ადრე ეცნობებინათ მუნიციპალიტეტისთვის ამ გეგმის შესახებ იმის მიუხედავად, მანიფესტაცია სპონტანურად დაიგეგმა თუ არა.

"ხშირ შემთხვევაში, სოციალური პროტესტის გამოხატვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მყისიერ რეაგირებას, რადგან 5 დღის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, არსებითი ზიანი მიადგეს შეკრების ეფექტიანობას ან სრულად დაეკარგოს აზრი მის გამართვას. შესაბამისად, სპონტანური შეკრების გამართვის რეალური შესაძლებლობა შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებრივი კომპონენტია", - მიიჩნევდა სახალხო დამცველი.

XS
SM
MD
LG