Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

180 ათასზე მეტ ადამიანს სესხზე შესატანი შეუმცირდება


ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9.5%-მდე შეამცირა. განაკვეთის შემცირების საკითხზე ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭომ 20 დეკემბერს იმსჯელა.

ეროვნული ბანკის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სესხზე პროცენტის შენატანი შეუმცირდება მას, ვისაც ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი აქვს. სებ-ის ინფორმაციით, ოქტომბრის მდგომარეობით გაცემულია დაახლოებით 186 ათასი ასეთი სესხი.

რეფინანსირების განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე აწესებს. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ლარში გაცემული სესხები იაფდება, ზრდის შემთხვევაში კი - ძვირდება. განაკვეთის ზრდის/კლების ეკონომიკაზე ასახვას დაახლოებით 1-1.5 წელი სჭირდება.

როცა ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, ქვეყანაში სესხები ძვირდება, რაც საბოლოოდ ამცირებს სესხებზე მოთხოვნას. შედარებით დაბალი მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს. საქართველოში მონეტარული პოლიტიკა მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმთან უნდა იყოს თანხვედრაში.

სებ-ის განცხადებაში, აგრეთვე, წერია, რომ ინფლაცია 2024 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მასთან ახლოს შენარჩუნდება. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ია.

„ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად”, - წერია განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით ბანკებში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მცირდება.

ოქტომბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 186 ათასზე მეტი სესხია გაცემული, რომელიც მიზნობრიობის მიხედვით ასე ნაწილდება:

სამომხმარებლო: 81.6 ათასი

იპოთეკური: 71 ათასი

ბიზნეს სესხი: 32.5 ათასი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეფინანსირებული სესხების 40%-ზე მეტი სამომხმარებლოს სესხებზე მოდის.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 31 იანვარს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG