Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას დაუჭირა მხარი


უკრაინაში კანაფის ლეგალიზებაზე საკანონმდებლო მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო.
უკრაინაში კანაფის ლეგალიზებაზე საკანონმდებლო მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. კანონპროექტს 248 დეპუტატმა მისცა ხმა, 16 წინააღმდეგი იყო, 33-მა თავი შეიკავა, 40-მა კი მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში.

უკრაინაში სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის აუცილებლობაზე 2016 წლიდან საუბრობენ. 2023 წლის ივლისში კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა. ამისკენ კანონმდებლებს მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც კანაფის ლეგალიზებას 2019 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს, დაუჭირა მხარი.

"ჩვენ საბოლოოდ გულწრფელად უნდა დავაკანონოთ კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტები ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. გვჭირდება შესაბამისი სამეცნიერო კვლევა და კონტროლირებადი უკრაინული წარმოება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დეპუტატები კანაფზე დაფუძნებული მედიკამენტების დაკანონებაზე შეთანხმდნენ, ომია. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს შექმნას ევროპაში ძლიერი ფსიქიკური და ფიზიკური რეაბილიტაციის ინდუსტრია. ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის უკრაინელმა ჟურნალისტებმა, სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა და ექიმებმა. აქტივისტები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაცია შეიძლება დაეხმაროს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მქონე ადამიანებსაც.

XS
SM
MD
LG