საინიციატივო ჯგუფმა მხარი დაუჭირა დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მეთაურის, "ეფესბეს" რეზერვის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვის (გირკინი) წარდგენას პრეზიდენტობის კანდიდატად.
სტრელკოვის მხარდამჭერებმა შეაგროვეს ამისათვის საჭირო 500 ხელმოწერა. ღონისძიება უნდა დასრულებულიყო მოსკოვის დროით 16: 00 საათზე, მაგრამ, როგორც ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო. ნოვოსტი“ იუწყება, ის გადაიდო რეგისტრაციისას რიგებისა და ადგილზე ნოტარიუსის არყოფნის გამო.
ნოტარიუსი დღის ბოლომდე არ გამოჩენილა. სხდომაზე ცესკოს წარმომადგენლებიც არ იმყოფებოდნენ. საინიციატივო ჯგუფმა პირობა დადო, რომ ხვალ, 25 დეკემბერს, განახორციელებს საჭირო ქმედებებს. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრაზე ნოტარიუსის არყოფნის გამო, სტრელკოვს რეგისტრაციაზე უარი ეთქვას.
კვირას უფრო ადრე, პარტია "ახალმა ადამიანებმა" პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვი.
"კომუნისტურმა პარტიამ" პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ხარიტონოვი, ხოლო ულტრამემარჯვენე "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ" - პარტიის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი. რაც შეეხება მმართველ "ერთიან რუსეთსა“ და პროსახელისუფლებო „სამართლიან რუსეთს“, მათ მხარი დაუჭირეს მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას. პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს პრეზიდენტობის მეხუთე ვადით იყრის, დამოუკიდებელ კანდიდატად.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა.
დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები.
ბრალდების მიხედვით, მას თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე ვადით ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.