Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ტყვეები


ავტორი: მარიამ ბახტაძე

ჩვენ კულტურული ტყვეები ვართ. კულტურული ტყვეები ორივე გაგებით, ეს გულისხმობს როგორც კულტურას, ანუ ისტორიულ-ფილოსოფიურ-სოციალურ მოვლენას, ისე მდგომარეობას, სადაც ტყვეობა იძენს მორალურ-ეთიკურ ხასიათს და ის ხდება კულტურის კულტურული წარმონაქმნი. წესთა ერთობლიბას ხომ ჩვენ ხშირად კულტურას ვუწოდებთ, ამ წესების მიხედვით ქმედებას კი კულტურულობას.

მკაცრად უნდა გაიმიჯნოს კულტურულ მონაპოვართა ფასეული ნაწილი, კულტურული ნაგვისგან. რაღა თქმა უნდა, კაცობრიობის ისტორიაში შეიქმნა არაერთი საგანძური, ქვაკუთხედი მომავლის ადამიანისათვის. თუმცა, ამ ისტორიულ პროცესს, სრულიად ბუნებრივად თან ახლავს ისეთი წარმონაქმნების აღმოცენებაც, როგორებიც აფერხებენ ადამიანის განვითარებას და სიმსივნესავით ედებიან კაცობრიობის სხეულს.

იგი ბუნებრივია იმიტომ რომ ეს განვითარების თანმხლები პროცესია. როგორც შხამია სამკურნალოდ ვარგისი და მისი გადამეტება სასიკვდილო, ასევეა ამ შემთხვევაშიც, თუ განვითარების იმ ეტაპზე, რაშიც იმყოფება დღეს სამყარო, ადამიანმა ვერ შეძლო ღირებულის გამიჯვნა არაღირებულისგან, ის მოქცეული იქნება კულტურული ტყვეობის მარწუხებში, რომელიც საბოლოოდ შთანთქავს მას.

ვფიქრობ ყოველივე, რაც ადამიანს გარედან მიეცა, და ამავდროულად დროის სვლასთან ერთად, გარე ძალების მიერვე უზრუნვლეყოფილი იქნა ის, რომ ადამიანმა თვითონ ვერ შეითვისა, ვერ გაისიგრძეგანა, ვერ განსაზღვრა საკითხის ავ-კარგიანობა, მაგრამ როგორც მასზე უპირატესს დაემორჩილა, - არის კულტურული ნაგავი. ადამიანის მიერ, რაღაცის მორალურ-ზნეობრივად, ან ზოგადად ფასეულად მიჩნევას უმეტესად განაპირობებს ის, თუ რა დოგმათა კოდექსის მატარებელია მის გარშემო არსებული კულტურული გარემო. ასეთ დროს, ადამიანის აზროვნებას განსაზღვრავს არა მისი "მე", არამედ ის, თუ სად დაიბადა, გაიზარდა და რა ინფორმაცია მიიღო მან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, აი აქ ჩნდება მონობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაფერს ამდაგვარს (ანუ კულტურის ნაწილს) ხაზი სულაც არ უნდა გადავუსვათ. აქ მიზანი ისაა, რომ განისაზღვროს - რა განაპირობებს კულტურული მონაპოვრის, სნეულებად ქცევას ადამიანისთვის.

ამ ავადმყოფობას გარკვეული მიზეზები აქვს, უმთავრესად, ის მაშინ აღმოცენდება, როდესაც ადამიანში ხდება ინდივიდუალიზმის დათრგუნვა და მისი მიკუთვნება, რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის. თავისთავად გარე სამყარო მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარების პროცესში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ასაკში, როდესაც მიკუთვნებულობა არამც თუ მავნებელი, არამედ საჭიროც არის, რათა ბავშვი დაცულად გრძნობდეს თავს და ამ დაცულ სივრცეში, მან შეძლოს ბოლომდე გამოხატოს საკუთარი თავი. კაცობრიობის, განსაკუთრებით კი საქართველოს ჭირი ის არის, რომ ვცდილობთ ეს დაცული გარემო შევქმნათ, მაგრამ ის კი გვავიწყდება, რომ შიგნით თავისუფლება ესაჭიროება ბავშვს, და ამ პატარა ადამიანს ოთხ კედელს შორის ვამწყვდევთ. საბოლოოდ კი, განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ადამიანმა თავად უნდა შეძლოს ფეხზე მყარად დგომა, ყოველგვარი კედლების და სხვის მიერ განპირობებული "დაცვის" გარეშე, ის ამას ვეღარ ახერხებს, რადგან მასში უკვე დათრგუნულია ინდივიდუალიზმი და ის საერთო, კოლექტიური ცნობიერის წევრი ხდება. ასეთ დროს ადამიანი კი არ აანალიზებს და იღებს რაიმე ცნებას ჭეშმარიტად ან მცდარად, არამედ ის, იმგვარად იღებს ცნებას, როგორც თავის დროზე მიაწოდეს, ახლა კი, ზრდასრულ ასაკში, მას შინაგანი დისონანსი უჩნდება, რომლის გადაუჭრელობა, მოუგვარებლობა, აზიანებს მის ფსიქიკურ, თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ეს კი ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება სხვებზეც და ვიღებთ ერთ დიდ, უზარმაზარ ქსელს, რომელშიც გაბმულან კულტურული ტყვეები. ახლა გავზარდოთ მასშტაბი და შევადაროთ ეს მოცემულობა ერს. ერი რომელიც იქმნის კულტურულ საზღვრებს და არ სურს გადააფასოს საკუთარი კულტურული წარმონაქმნები, მუდმივად ელტვის წარსულს, რაც მას თიშავს აწმყოსგან და შესაბამისად უკარგავს მომავალს.

და მაინც, კიდევ უფრო კონკრეტულად რას წარმოადგენენ ეს ბაცილები (კულტურული ნაგავი)? ეს ისტორიის მანძილზე, კულტურის ფორმირებისას შექმნილი რწმენა წარმოდგენებია სამყაროს შესახებ, უმცირესი უჯრედიდან დაწყებული - უდიდეს ერთეულამდე, სადაც თავს იყრის ყველაფერი, მათ შორის, ქმედების შესახებ ზნეობრივ ეთიკური ნორმები, რაიმეს შესახებ განსაზღვრული წარმოდგენა, სახელდება და სხვა, რომლებმაც ვერ განიცადეს განვითარება და ატავისტური სახით გადაეცემა თაობიდან თაობას, გარკვეული ძალების - პოლიტიკური თუ რელიგიური ბელადების მიერ კი განზრახ ფერხდება მათი განვითარება, ან საბოლოო ამოძირკვა. აღნიშნული ძალები ამას აკეთებენ იმისთვის, რომ შეეძლოთ ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის მართვა. თუმცა ეს კიდევ ცალკე ვრცელი საკითხია სასაუბროდ.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, უმთავრესი პრობლემა, აღზრდაში იმალება, თუმცა მთლიანი პასუხისმგებლობა სხვისი როდია, ადამიანის განვითარებისას, აუცილებლად დგება ის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც დაფიქრდება რა უნდა, რა მოსწონს და ა.შ. აქ კი, თავად ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მაგრამ მოუმზადებელი - "არამზადა" ადამიანი, ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ თავის ფასეულობებს სხვისას შეუსაბამებს და ამით კოლექტიურ პასუხისმგებლობას შეერწყმება მისი არსება, რაც არა პასუხისმგებლობის გაზიარებას, არამედ სხვაზე გადაბარებას გულისხმობს. ასეა თუ ისე, აქაც აღზრდასა და განათლებასთან მივყავართ გზებს, რადგან ადამიანის მზაობის ფორმირებაში, სწორედ მათ მიუძღვით დიდი წვლილი.

ამგვარად განვითარებაჩამორჩენილ საზოგადოებებში, ვიღებთ კულტურულ ტყვეობას, სადაც მონობა პრესტიჟული მდგომარეობაა უმრავლესობის, რომელიც ამოფარებულია თავისუფლების სახელს, თუმცა მათი ეს მდგომარეობა არაცნობიერის სფეროს განეკუთვნება, იმ საზოგადოების მართვა კი, რომელსაც არ გაუაზრებია საკითხის არსი, თითქმის არ მოითხოვს ძალისხმევას, საზოგადოების დარჩენილი ნაწილი სწორედ მათ მმართველებად გვევლინებიან, მცირე ნაწილი კი ემიჯნება ამ სიმახინჯეს.

მშვიდობა, და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა - ამ პატარა გამოქვაბულში შეყუჟულთ მთავარ ფასეულობად ეს განუზრახავთ, სხვაგვარად სრულიად დაირღვევა კომფორტის ზონა. ამიტომაც მიიღო ამ ტყვეობამ კულტურული და სოციუმისთვის მოსაწონი სახე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG