Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერები მჯდომარე საპროტესტო აქციას მართავენ


სერბეთის ოპოზიციისა და სტუდენტების აქცია საარჩევნო კომისიის წინ. ბელგრადი
სერბეთის ოპოზიციისა და სტუდენტების აქცია საარჩევნო კომისიის წინ. ბელგრადი

სერბმა სტუდენტებმა და აქტივისტებმა, რომლებიც საპარლამენტო, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, მჯდომარე აქცია გამოაცხადეს.
ისინი აპირებენ, შაბათამდე, 30 დეკემბერს ბელგრადის ცენტრში დაგეგმილ დემონსტრაციამდე, დაბლოკონ სამთავრობო ოფისები და მიმდებარე ქუჩები.

24 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებმა მორიგი საპროტესტო აქციის დროს დედაქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც თან ახლდა შეტაკებები უსაფრთხოების ძალებთან.

ხუთშაბათს გავრცელებული ცნობის თანახმად, სერბეთის პარლამენტის ორმა დეპუტატმა, იანკო ვესელინოვიჩმა და დანიელა გრუიჩმა, რომლებიც მოითხოვდნენ არჩევნების შედეგების გაუქმებას, ექიმების რჩევის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს. ოპოზიციური ალიანსის კიდევ სამი წევრი განაგრძობს შიმშილობას.

ოპოზიცია და მისი მომხრეები ქუჩებში გაიყვანა გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოცხადებამ. არჩევნების შედეგებს ისინი გაყალბებულად მიიჩნევენ და მოითხოვენ, მთავრობამ შესაძლებელი გახადოს წვდომა ამომრჩეველთა სიებზე, რათა შემოწმდეს შესაძლო დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 17 დეკემბრის კენჭისყრაში.

ალექსანდარ ვუჩიჩი და მისი მთავრობა უარყოფენ ბრალდებებს ამომრჩეველთა სიებში დარღვევების შესახებ და აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულ პირობებში გაიმართა.


არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, გაიმარჯვა სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობით შემდგარმა კოალიციამ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 47% მიიღო. სერბეთის პროევროპული კოალიცია "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ", საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ადგილზე გავიდა და ხმების 23%-ი მოიპოვა.

  • ადგილობრივმა და ევროპულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ბევრი ბიულეტენის სისწორეზე გამოთქვეს ეჭვები. დასავლელმა დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთომ, ასევე მწვავედ გააკრიტიკეს მმართველი პარტიის მხრიდან მედიის კონტროლი და ზეწოლის ტაქტიკა წინასაარჩევნო კამპანიისას.
  • სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები სერბეთის მთავრობას აფრთხილებდნენ ბელგრადში საპროტესტო აქციების დროს მოსალოდნელ არეულობებზე.
  • მისი სიტყვებით, გაფრთხილება მიიღეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რაც არ დაიჯერა არაერთმა ელჩმა (კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმებიან დასავლეთის ქვეყნების ელჩები) და სერბეთის ხელისუფლებას ურჩიეს, სანდოდ არ მიეჩნიათ რუსეთის მონაცემები.
  • მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმაც ისაუბრა უცხოური სპეცსამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყანას გულისხმობდა.
XS
SM
MD
LG