Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუს თქმით, ღაზასა და ეგვიპტეს შორის დერეფანი ისრაელმა უნდა გააკონტროლოს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. იერუსალიმი. 10 დეკემბერი, 2023.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. იერუსალიმი. 10 დეკემბერი, 2023.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ კვლავ ისრაელის კონტროლს დაუქვემდებარებს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარს. ამით ფართოვდება ისრაელის მისია, რომელიც აღარ შემოიფარგლება აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის ლიკვიდაციით.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბუფერული ზონა, ე.წ. ფილადელფიის დერეფანი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარეობს, ისრაელის ხელში უნდა იყოს.

ამასობაში ისრაელის არმია განაგრძობს ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „კიდევ მრავალ თვეს გასტანს“.

ისრაელის არმიამ ჰამასის პოტენციალის ლიკვიდაციის მიზნით ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. ამ თავდასხმისას ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, მათ შორის 850 სამოქალაქო პირი. ჯიჰადისტებმა 250-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 21500-ს გადააჭარბა. მათ დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG