უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 230 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა. რუსეთი კი აცხადებს, რომ უკრაინის ტყვეობიდან 248 რუსი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა.
ტყვეების გაცვლას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
„რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დავაბრუნეთ. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლები, მესაზღვრეები. მათი ნაწილი მარიუპოლსა და „აზოვსტალს” იცავდა“, - წერს ზელენსკი.
ექვსი თვის განმავლობაში ტყვეების პირველ გაცვლას „რთული მოლაპარაკების პროცესის“ შედეგი უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც თავის ცნობაში აცხადებს, რომ ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
ბოლოს კიევსა და მოსკოვს შორის დიდი რაოდენობით ტყვეები 7 აგვისტოს გაცვალეს. შემდგომში მხარეები მოლაპარაკების საბოტაჟში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს შორის ამჟამად 5 ქართველი მოხალისეცაა. სულ ბოლოს, გასული წლის ნოემბერს, რუსეთის ტყვეობაში ჩაცვივდნენ ინტერნაციონალური ლეგიონის ქართველი მოხალისეები გიორგი შუბითიძე (რუსული მედიის თანახმად ჩუბითიძე) და გიორგი გოგლიძე.