Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის დროს "ლიბერთიში" პენსიონერებს სესხი გაუძვირდათ - აცხადებს სახალხო დამცველი


პანდემიის გამო პენსიონერებს სესხი გაუძვირდათ.
პანდემიის გამო პენსიონერებს სესხი გაუძვირდათ.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იმ პენსიონერებს, რომლებსაც სესხი "ლიბერთი ბანკში" ჰქონდათ, პანდემიის დროს მოქმედი ე.წ. საშეღავათო პერიოდის გამო გადასახადი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. ომბუდსმენის აპარატის თანახმად, ყველა ამ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს ბანკს და მოითხოვოს პანდემიამდე არსებულ პირობებზე დაბრუნება.

"სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ, მთავრობის რეკომენდაციით, სესხების რამდენიმე თვით გადავადების შედეგად ხანდაზმულ პენსიონერთა უფლებების დარღვევის თაობაზე...

ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი, ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა იყო, შესაბამისად ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და გაეზარდათ სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა", - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

უწყება ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებასაც, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაუბრუნდნენ პანდემიამდე არსებულ გადახდის პირობებს იმ შემთხვევაში, თუ დაფარავენ გადავადებული თვეების განმავლობაში გადასახდელ თანხას.

"იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა", - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

"ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურში რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სულ 354 397 სესხია გაცემული პენსიონერებზე ან სოციალური დახმარების მიმღებ პირებზე. მათ "ლიბერთი ბანკი" დაახლოებით 30 პროცენტად აძლევს ფულს. ჯამში პენსიონერებს და სოციალური დახმარების ამღებ პირებს ნასესხები აქვთ 401 331 743 ლარი.

XS
SM
MD
LG