Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამებაში საღებავით დასვრილი ხატი გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს


 მატრონა მოსკოველის ხატის წინ სანთლებია ანთებული
მატრონა მოსკოველის ხატის წინ სანთლებია ანთებული

თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, გაწმინდეს და კიდევ უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს მატრონა მოსკოველის ხატი, რომელიც გუშინ საღებავით დასვარეს. ხატი, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, ახლა ცენტრალურ შესასვლელთან უფრო ახლოს განათავსეს.

მატრონა მოსკოველის ხატი
მატრონა მოსკოველის ხატი

გუშინ, 9 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად თვალსაჩინო ადგილზე იყო.

ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.

ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას ეკლესიაში სტალინის გამოსახულებიანი ხატის არსებობაზე და იმეორებენ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ნათქვამს, რომ ხატებზე გამოსახული ცუდი მმართველები და დიქტატორები უცხო რამ არ არის ქრისტიანული სამყაროსთვის და ამის მაგალითია იმპერატორი დიოკლეტიანე წმინდა გიორგის ხატზე.

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.
XS
SM
MD
LG