Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი სამებაში სტალინის გამოსახულებიან ხატზე: ჩვენ შევწირეთ ტაძარს ეს ხატი


ირმა ინაშვილი და მატრონა მოსკოველის ხატის ფრაგმენტი სტალინის გამოსახულებით
ირმა ინაშვილი და მატრონა მოსკოველის ხატის ფრაგმენტი სტალინის გამოსახულებით

პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკვიდეოში, რომელიც თავის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, ადასტურებს, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი. ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას ეკლესიაში სტალინის გამოსახულებიანი ხატის არსებობაზე და იმეორებენ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ნათქვამს, რომ ხატებზე გამოსახული ცუდი მმართველები და დიქტატორები უცხო რამ არ არის ქრისტიანული სამყაროსთვის და ამის მაგალითია იმპერატორი დიოკლეტიანე წმინდა გიორგის ხატზე.

ირმა ინაშვილი იმეორებს საბჭოთა და რუსული პროპაგანდის მითს იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომში სტალინმა დახმარება სთხოვა წმინდა მატრონას და მისგან მიღებული რჩევის გათვალისწინება დაეხმარა ომში გამარჯვების მოპოვებაში.

"...რას ვიზამთ, ასეთი ეპოქაა, ასეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, რომ სულ თავი უნდა იმართლოს ჩვენნაირმა ხალხმა და სულ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში თურმე. არ ვაპირებთ თავის მართლებას, არაფერი არა გვაქვს თავის სამართლებელი. ჩვენ შევწირეთ ეს ხატი სამების ტაძარს...ძალიან დიდმა პროფესიონალმა, ცნობილმა ხატმწერმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა დაწერა ეს ხატი, რომელსაც ცოდნაც გააჩნია სათანადო და ცხოვრების წესითაც პასუხობს ხატმწერის კრიტერიუმებს", - ამბობს ირმა ინაშვილი ვიდეომიმართვაში, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ შექმნა მათი დაკვეთით მატრონას ხატი.

6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რომელიც, მისი თქმით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. რამდენიმე საათში ამ ხატის ვიდეომასალა ისევ ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა გიორგი კანდელაკმაც.

იოსებ სტალინის ხატები რამდენიმე წელია ჩნდება რუსულ ეკლესიებში, რუსი მორწმუნეების ნაწილი მის წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვს.

მითი იოსებ სტალინის ღვთისმოსაობის შესახებ თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი პროდუქტია - რეალურად კი საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ რელიგიები, მათი მსახურები და მიმდევრები იყვნენ. საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში დაიწყო ღვთისმსახურთა მასობრივი დაპატიმრება, დაიხურა ეკლესიები და დაარსდა "უღმერთოთა კავშირები."

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური "დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას - დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.

XS
SM
MD
LG