Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს


გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მწერლის მხარდამჭერი განცხადება დღეს, 12 იანვარს, გავრცელდა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.

"გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა... საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო", - წერია პენცენტრის განცხადებაში.

გუშინ, 11 იანვარს, ეროვნული ბიბლიოთეკის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებაზე ესაუბრა. მოგვიანებით კი კონსტანტინე გამსახურდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად შეთავაზება მიიღო და დასთანხმდა.

დღეს, 12 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მან თქვა, რომ გიორგი კეკელიძის კონსტანტინე გამსახურდიათი შეცვლა "ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის".

"ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს... საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომელიც არის სრული დისკრეცია პარლამენტის თავმჯდომარის, მიიღება ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა თავად ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს", - წერია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

1846 წელს თბილისში, მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის 24-ე გენერალურ დირექტორად 2012 წელს დაინიშნა.

XS
SM
MD
LG