Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყში ისრაელის „ჯაშუშთა შტაბ-ბინაზე“


ირანმა 15 იანვარს, ღამით გამოაცხადა, რომ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის „ჯაშუშებზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში.
ირანმა 15 იანვარს, ღამით გამოაცხადა, რომ სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის „ჯაშუშებზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში.

ირანმა გამოაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მიიტანა ისრაელის „ჯაშუშებზე“ და ანტიირანელ „ტერორისტებზე“ ერაყსა და სირიაში.

ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა.

ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. Reuters-ის წყაროთა ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქურთი ბიზნესმენი, მილიონერი ფეშრავ დიზაი და მისი ოჯახის წევრები. რაკეტები მოხვდა სპეცსამსახურების ცენტრს და დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლსაც. ABC News-ის ინფორმაციით, მუშაობა შეაჩერა ერბილის აეროპორტმა, სადაც დასავლეთის კოალიციური ძალების სამხედროებმა სამი დრონი ჩამოაგდეს.

რაც შეეხება სირიას, ირანი აცხადებს, რომ იდლიბის პროვინციაში იერიში მიიტანა ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა იანვრის დასაწყისში ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელთა შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ირანის სარაკეტო შეტევა ერაყის და სირიის ტერიტორიებზე კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე. როგორც სააგენტო dpa წერს, დარტყმები ირანის სიგნალია ისრაელისთვის, რომ აქვს მის ტერიტორიაზე შეტევის ტექნიკური შესაძლებლობა.

ირანი მიიჩნევა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მთავარ მფარველად. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი 2023 წლის ოქტომბერში თავს დაესხა ისრაელს, რომელმაც პასუხად ომი გამოუცხადა.

ირანის მოკავშირეა ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლაც, რომელიც პერიოდულად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას. ირანი მხარს უჭერს იემენში მოქმედ მეამბოხე ჰუთებსაც, რომლებიც ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში თავს ესხმიან გემებს.

ერაყის ქურთისტანის ავტონომიის უშიშროების საბჭომ ირანი დაადანაშაულა უსაფუძვლო საბაბით თავდასხმაში ისტორიულად სტაბილურ რეგიონზე, რომელსაც არასდროს არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია. ისრაელი ირანის სარაკეტო შეტევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ირანმა უგუნური აქტი ჩაიდინა.

XS
SM
MD
LG