Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია: წერეთელზე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობს


თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს
თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს

თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, წერია, რომ კონტრაქტორი კომპანიების პირობებში უცნობია, როდის დასრულდება მიმდინარე სამუშაოები.

"ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა", - წერია თბილისის მერის, კახა კალაძის გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის 15 იანვრით არის დათარიღებული.

დამატებით, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის, ამ ეტაპამდე შესრულებული სამუშაოები კი ზიანდება.

თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს
თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს

"ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე", - წერია კახა კალაძის გამოცემულ ბრძანებაში.

ამ ბრძანებით მან შეწყვიტა ხელშეკრულება ორ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ერ ტე დესთან" (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპთან" (ს/ნ: 400118047), რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს
თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს

თბილისის მერიას წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული:

  • NAT230001040 ტენდერით - შპს "ერ ტე დეს" ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 017 950 ლარი);
  • NAT230001041 ტენდერით - შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 13 028 880 ლარი);
  • NAT230001042 ტენდერით - შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 201 870 ლარი).
კახა კალაძის ბრძანება კონტრაქტების შეწყვეტაზე
კახა კალაძის ბრძანება კონტრაქტების შეწყვეტაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, სამივე ხელშეკრულება 15 იანვარს შეწყდა. სწორედ ამ მიზეზით მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა ნებართვის მისაღებად, რათა 17 704 253 ლარის მომსახურება ტენდერის გარეშე იყიდოს.

თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს
თბილისი, წერეთლის გამზირი 2024 წლის 16 იანვარს

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, სამივე კომპანიას სოლიდური სანქციები დაეკისრა. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კონტრაქტორებს სრულად ჩამოერთვათ საბანკო გარანტიები:

  • შპს "ერ ტე დეს" - 225 ათას ლარზე მეტი;
  • შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპს" - 555 ათას ლარზე მეტი.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო, 20 აპრილს კი თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებდა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთი დატვირთული გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. იგივე თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ 24 აპრილს.

XS
SM
MD
LG