Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე პატივის და ღირსების შელახვისთვის კალაძის მიმართ სასამართლოში სარჩელს შეიტანს


მამუკა ხაზარაძე, პარტია „ლელოს" ლიდერი
მამუკა ხაზარაძე, პარტია „ლელოს" ლიდერი

თბილისის მერი კახა კალაძე 17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პარტია „ლელოსა“ და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე. კალაძემ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესების წართმევაში დაადანაშაულა.

„ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე „ხანდაზმული თაღლითების“ პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე?! ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები?! თუ უსუფაშვილია ახალი სახე?! სამადაშვილია ახალი სახე?! ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი?! თუ დაავიწყდა?! - თქვა კახა კალაძემ და ხაზარაძეს მიმართა, - ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და ის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახინონ ვიღაცებმა, ამას საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა ქვეყნის ინტერესს და არა ამ ქვეყნის. არც სამშობლო გაგაჩნიათ, არც სამშობლოს სიყვარული გაქვთ. ეს ხართ რეალურად თქვენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს, კარგად ხედავს, რას ემსახურება ის ისტერიკა, ის სიბინძურე, რასაც კადრულობთ ყოველდღიურ რეჟიმში. გაგცემთ პასუხს საზოგადოება 2024 წლის არჩევნებზე“.

დედაქალაქის მერის განცხადებას მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. „კახა კალაძე, ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს... დანარჩენზე სასამართლოში“, - დაწერა „ლელოს“ ლიდერმა. მან გააზიარა ვიდეო 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გასული გადაცემიდან, რომელშიც კახა კალაძე ღია მხარდაჭერას უცხადებდა პრეზიდენტობის იმდროინდელ კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

მამუკა ხაზარაძე კალაძის მიმართ სარჩელის შეტანას მომავალ კვირაში გეგმავს. როგორც მისმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მედიასთან განაცხადა, თბილისის მერს ედავებიან მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსების და საქმიან რეპუტაციის შელახვას.

„პრესკონფერენციაზე, რომელიც 17 იანვარს კახა კალაძემ გამართა, იყო ფრაზები, რომლებიც ეხება მამუკა ხაზარაძის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. ის უკავშირდება თითქოსდა მის მიერ ვინმესთვის ბიზნესის წართმევას. ეს არის არასწორი ცნობები. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს მომდევნო კვირაში პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ცნობების უარყოფის მოთხოვნით“, - თქვა კორძაძემ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან".

მერის განცხადება პარტია „ლელოშიც" შეაფასეს. თბილისის საკრებულოს წევრმა „ლელოდან", საბა ბუაძემ, კალაძეს თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი უწოდა. „ნაცვლად იმისა, რომ ისაუბროს, როგორ შეიძლება, გამოსწორდეს საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქაოტური მშენებლობები და ის ყველაფერი, რომლის მთავარი მიზეზიც არის კალაძის კორუფციული მმართველობა, ვხედავთ ამ უშინაარსო ისტერიკას“, - თქვა ბუაძემ.

2023 წლის 11 ოქტომბერს ხაზარაძემ ამავე მიზეზით სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ. თუმცა მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

„წინა სარჩელზე, რომელიც ეხებოდა ირაკლი კობახიძეს, კანონის ყოველგვარი დარღვევით, საერთოდ წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ. უპრეცედენტო რამ თქვა: თუ ადამიანი დეპუტატია, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოსო. მას არანაირი პასუხი არ მოეთხოვება, მათ შორის არა მარტო შეხედულებებზე, არამედ ცრუ ფაქტების გავრცელებაზე“, - თქვა ზვიად კორძაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ კალაძის მიმართ შეტანილ სარჩელსაც ანალოგიური ბედი ეწევა, მამუკა ხაზარაძის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

„ახლა ამასაც [კალაძის მიმართ სარჩელის შედეგებს] დაველოდებით და არის ამის გაგრძელება, მომდევნო ეტაპი, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების წართმევისთვის მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს“, - განმარტა ადვოკატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG