Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზოგიერთი ფემინისტური პასუხი საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის მეთოდოლოგიურ კითხვებზე


(ჯ. ენ თიქნერის სტატიის ძირითად დებულებათა განხილვა)

ავტორი: ნიკოლოზ ჭარხალაშვილი

სოციალურ მეცნიერებათა სტანდარტულ ჩარჩოებში მომუშავე საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრებსა და „IR”-ის ფემინისტური თეორიის მკვლევართა შორის ხშირი იყო უთანხმოება და გაუგებრობა კვლევის მეთოდებისა და საკვლევი პროგრამის თაობაზე. „IR”-ის თეორეტიკოსებმა ფემინისტებს წაუყენეს მოთხოვნა, შეედგინათ თავიანთი კვლევის საკითხები შესამოწმებელ ჰიპოთეზებზე დაყრდნობით. ფემინისტმა მკვლევრებმაც უპასუხეს, რომ მათ კვლევებზე სოციალურ მეცნიერებათა განმარტებითი ჩარჩოების გამოყენებით პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. ღრმა ეპისტემოლოგიური დისკუსიები ცოდნის აგებისა და საზოგადოდ, მისი დანიშნულების შესახებ, ამგვარი მეთოდოლოგიური განხეთქილების გადალახვას კიდევ უფრო ართულებს. ჩვეულებრივ, “IR”-ში დასმული კითხვებისგან განსხვავებით, ბევრი ფემინისტი იყენებს ეთნოგრაფიულ, ისტორიულ, კროს-კულტურულ და სხვა მეთოდებს, რომლებსაც “IR”-ის სტუდენტებს იშვიათად ასწავლიან. სტატია აანალიზებს, თუ რამდენადაა სასარგებლო საერთაშორისო პოლიტიკის, სახელმწიფოსა და უსაფრთხოების პრობლემათა ანალიზის კონტექსტში ფემინისტების მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდები.

ფემინისტები მეთოდოლოგიური სისწორის არც ერთ სტანდარტზე პრეტენზიას არ აცხადებენ, არც რაიმე კვლევის განხორციელების „ფემინისტურ გზას“ გვთავაზობენ და უფრო მეტიც, არც მიაჩნიათ სასურველად მსგავსი მეთოდოლოგიის აგება. ფემინისტთა დიდ ნაწილს ურჩევნია გამოიყენოს ტერმინი „ეპისტემოლოგიური პერსპექტივა“ და არა მეთოდოლოგია. ფემინისტური კვლევა ტრანსდისციპლინურია, იგი ცდილობს გამოიკვლიოს არათანაბარი გენდერული იერარქიები, ისევე როგორც სხვა ძალაუფლების იერარქიები, რაც ყველა საზოგადოებაში არსებობს. ფემინისტები განსხვავდებიან მეთოდოლოგიის გამოყენების კუთხით, მათგან ზოგიერთი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს ქცევის გაგებას ქალთა გლობალური დაუცველობის კონტექსტში საგარეო და სამხედრო საქმიანობასთან მიმართებით, ანუ უფრო მეტად ეხმიანებიან ძალაუფლების პოზიციებზე ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის პრობლემას და სრულყოფილად არ იკვლევენ იმას - არიან თუ არა ქალები უფრო მშვიდობიანი პოლიტიკის შემქმნელები. ამასთან, ფემინისტები იკვლევენ მამაკაცთა, როგორც ისტორიულად ომების ინიციატორთა, როლს სახელმწიფოს შენების პროცესში. ზოგიერთ ფემინისტ მოაზროვნეს იმთავითვე სექსისტურ გამოხატულებად ევლინება ქალის ერთადერთ მშვიდობისმყოფელ სქესად წარმოჩენა.

რაც შეეხება გენდერს, ფემინისტები მას სოციალურად კონსტრუირებულად მიიჩნევენ. გენდერული უთანასწორობა, ურთიერთობები, დომინირება-დაქვემდებარება, ყველა სტრუქტურაში ვრცელდებოდა ისტორიულად, რაც აყალიბებდა სახელმწიფო მახასიათებლებს, უსაფრთხოების ბუნებას, გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკას (რაზეც მარქსისტი ფემინისტები მიუთითებენ) სხვადასხვა ხარისხით. „IR”-ის რიგი თეორიისგან განსხვავებით, რაც ემყარება ეკონომიკურ და საბუნებისმეტყველო მეთოდიკას, “IR”-ის ფემინისტმა თეორეტიკოსებმა მიმართეს სოციოლოგიურ ანალიზს, ფოკუსი გადაიტანეს ისტორიულად არათანაბარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების კვლევაზე, დაწყებული ინდივიდებიდან და იერარქიული სოციალური ურთიერთობებით დამთავრებული. მაშინ, როცა „IR”-ის თეორიების დიდი ნაწილი ორიენტირებულია იმგვარი ფაქტორების კვლევაზე, რომლებიც ახსნიან სახელმწიფოთა ქცევას, ფემინისტები ქალთა წინაშე არსებულ ბარიერებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც კიოჰანის გამოწვევას სრულად ვერ დააკმაყოფილებს.

ფემინისტური მეთოდოლოგიის ვალდებულება იმგვარი ცოდნის შენებაა, რომელიც დაეხმარება ქალებს მჩაგვრელ პირობებთან საბრძოლველად. ფემინისტები პრიორიტეტს ანიჭებენ ქალთა ცხოვრების გაუმჯობესების პოტენციალს. ისინი იკვლევენ ყოველდღიური ცხოვრების იმ რუტინულ ასპექტებს, რომლებიც გენდერულ უთანასწორობას აძლიერებენ. ამასთან, ფემინისტები აპროტესტებენ ერთადერთი, „საღი აზრის“ ცნებას და ავლენენ მას, როგორც პრივილეგირებული მამაკაცის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარეს. კუნისეული თვალთახედვით, ფემინისტური კვლევა გულისხმობს იმ პარადიგმულ ცვლილებას, რომელიც მოიაზრებს ქალის, როგორც ცოდნის შემქმნელისა და კრეატორის (მამაკაცთან ერთად) როლს. არსებითად, ფემინისტური კვლევა სცილდება დაკვირვებას, იგი ცდილობს აქტიურად გარდაქმნას სოციალური ნორმები და სტრუქტურები ქალებისა და მარგინალიზებული ჯგუფების დასახმარებლად.

ფემინისტური კვლევა ხაზს უსვამს რეფლექსურობას და აპროტესტებს ობიექტურობის ცნებას: მკვლევრის სუბიექტური როლის აღიარება განიხილება, როგორც ობიექტურობის გამაძლიერებელი და არა დამაკნინებელი. ფემინისტები არასანდოდ მიიჩნევენ „ფსევდო ობიექტურ“ თეორიებს, რომლებმაც დომინანტური როლები მოირგეს “IR” თეორიაში. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობა, ფემინისტთა აზრით, არ არის მიკერძოება კვლევაში. რეფლექსური დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ანდროცენტრულ კვლევას, რომელიც მხარს უჭერს მეთოდოლოგიებზე აქცენტს. ექსპერიმენტული და რეფლექსური ცოდნის მშენებლობისადმი ამგვარი ვალდებულება მიზნად ისახავს კვლევის სუბიექტების გაძლიერებას და ქალთა ცხოვრების გაუმჯობესებას.

ფემინისტთა მტკიცებით, ქალებმა აქტიურად უნდა გარდაქმნან საკუთარი თავი და სამყარო. მათთვის არსებითია ყოველდღიური ცხოვრებიდან მიღებული პრაქტიკული ცოდნა, რაც მონაწილეობით სამოქმედო კვლევას მოიაზრებს. ეს მიდგომა დაფუძნებულია არისტოტელურ ეთიკაზე, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტი ენიჭება პრაქტიკის გაუმჯობესებას, ვიდრე თეორიულ წიაღსვლებს, ანუ უმაღლესი მეცნიერების პლატონურ მოდელს (სტივენ თულმინი). ფემინისტები ხშირად აკვირდებიან კვლევაში მონაწილე პირებს და უარყოფენ ცოდნის კარტეზიანულ ანალიზს. მათთვის ემოცია და ინტელექტი სრულებითაც თავსებადი კატეგორიებია და ორივეს ფუნდამენტური როლი აქვს ცოდნის მშენებლობაში.

მოცემული სტატიის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ „IR”-ის ფემინისტი თეორეტიკოსები უარყოფენ პოზიტივისტურ მიდგომებს უპასუხო კითხვებისა და ტრადიციული ეპისტემოლოგიური თეორიებისადმი სკეპტიციზმის გამო. ისინი იკვლევენ კავშირს ქალთა გამოცდილებასა და უსაფრთხოების ნორმათა გამოწვევას შორის პოლიტიკური ძალაუფლების კონტექსტში. ჰერმენევტიკული მეთოდების გამოყენებით, ფემინისტები კვლევის უფრო ფართო და ინტერდისციპლინურ პერსპექტივას გვთავაზობენ და მიუხედავად პროფესიული რისკებისა, ისინი იყენებენ პრაგმატულ და მრავალმეთოდოლოგიურ მიდგომას, რაც მათი აზრით, ეფექტური იქნება გენდერის პრობლემის კვლევისათვის და ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებას ყველა მიმართულებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

Tickner, J. A, "What Is Your Research Program? Some Feminist Answers to International Relations Methodological Questions", International Studies Quarterly, Vol. 49, No. 1, pp. 1-21, Published by: Wiley on behalf of The International Studies Association, 2005.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG