Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NBC: ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა


ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 21 იანვარი, 2023.
ისრაელის ჯარისკაცები ღაზის სექტორში. 21 იანვარი, 2023.

ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს შორის მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩიხში შევიდა, ვინაიდან ჰამასი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ითხოვს. (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.)

როგორც NBC News-ი იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკელი, კატარელი და ეგვიპტელი ოფიციალური პირები კვლავაც მოითხოვენ შეთანხმების მიღწევას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 130 ისრაელელის გათავისუფლებას.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ჰამასი ითხოვს ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტას, ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან და პალესტინელ პატიმართა დიდი ნაწილის გათავისუფლებას, მათ შორის იმათი, ვინც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა განახორციელა.

ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფება არავითარ მოქმედებას არ განახორციელებს, სანამ არ მიიღებს დაპირებას, რომ სამხედრო მოქმედებები შეწყდება და ისრაელის მთელი ჯარი არ დატოვებს ღაზის სექტორს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას საჯაროდ უარყო ჰამასის მოთხოვნები.

„თუკი დავთანხმდებით ამას, ვერ შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირებას. ვერ შევძლებთ ევაკუირებულთა მშვიდობიანად დაბრუნებას სახლებში და შემდეგი 7 ოქტომბერი მხოლოდ დროის საკითხი იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „დაჯგუფება მრავალ წინადადებას და იდეას იღებს სხვადასხვა შუამავლისგან, ძირითადად ეგვიპტელებისა და კატარელებისგან“ ისრაელელი მძევლების პოტენციური გათავისუფლების ვადებისა და რეალიზაციის შესახებ, საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვანი პაუზისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ.

ოფიციალური პირების სიტყვებით, შუამავლების შეთავაზებაა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებას სამ ეტაპად, 30 დღის განმავლობაში.

ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მრავალმა ქვეყანამ გაკიცხა ისრაელი და მას ძალის განურჩევლად გამოყენებაში დასდო ბრალი. აშშ აღნიშნავს ისრაელის უფლებას თავდაცვაზე, მაგრამ ამავე დროს მას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას სიფრთხილისა და პროპორციულობისკენ მოუწოდებს. უკანასკნელ ხანებში თავად ისრაელში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა ნეთანიაჰუს მიმართ, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ მას არა აქვს მძევალთა განთავისუფლების სტრატეგია და ომის შემდგომი ღაზის აღდგენის გეგმა.

XS
SM
MD
LG