Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთამდე გაიზარდა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევში დაშავებული კაცი. 2024 წლის 23 იანვარი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევში დაშავებული კაცი. 2024 წლის 23 იანვარი

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა კიევში, ერთი - დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და სამი - ქალაქ ხარკოვში. მანამდე ცნობილი იყო, რომ ხარკოვში სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

წინასწარი მონაცემებით, ხარკოვში დაშავდა 30-მდე ადამიანი, კიევში - 6 და პავლოგრადში - 1.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, კიევში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლი, კერძო შენობა და ავტომობილები. კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი კერძო სახლი. ქალაქ ხარკოვში ნაწილობრივ დანგრეულია ორი მრავალბინიანი სახლი.

რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

XS
SM
MD
LG