Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ 41 რუსული რაკეტიდან 21 გაანადგურეს


რუსეთის სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლი ხარკოვში. 2024 წლის 23 იანვარი
რუსეთის სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლი ხარკოვში. 2024 წლის 23 იანვარი

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღევანდელი მასირებული შეტევისას გამოიყენეს 41 ფრთოსანი, ბალისტიკური, საავიაციო და მართვადი საზენიტო რაკეტა. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 41-დან 21 რაკეტა გაანადგურეს.

რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი. 1 - კიევში, 1- დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში და 3 - ქალაქ ხარკოვში. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით შენობა, მათ შორის სახლები და სასწავლო დაწესებულებები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა კიევსა და ხარკოვზე დარტყმები ჩაითვალოს პასუხად ქალაქ დონეცკის ბაზარზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის გამოც რუსეთმა უკრაინის არმია დაადანაშაულა. „არა, არ შეიძლება“, - იყო პესკოვის პასუხი.

უკრაინის აღმოსავლეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. რუსეთის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის მტკიცებით, ბაზარზე საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირი უარყვეს.

XS
SM
MD
LG