Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია სახელმწიფოს სთხოვს, 2008 წლის ომისგან დაზარალებულებისთვის შეიქმნას საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს და სახელმწიფოსგან ითხოვს რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის გამოიყენოს საერთაშორისო ღონისძიებები. უფრო კონკრეტულად, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ომით დაზარალებულებისთვის იმ ფინანსური კომპენსაციის მიღებას, რისი გადახდის ვალდებულებაც აქვს რუსეთის ფედერაციას. ორგანიზაციამ დღეს, 26 იანვარს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა.

"2023 წლის 28 აპრილს, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მან სახელმწიფოთაშორის დავაზე 2021 წლის 21 იანვარს მიიღო. ინდივიდუალური საჩივრების განხილვა კი, სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება. ასევე, ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 20 აპრილს საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (no. 39611/18) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დღევანდელი მდგომარეობით გარიცხულია ევროპის საბჭოდან. ამასთან, მისი გაცხადებული პოლიტიკაა, არ აღასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის, არ გადაიხადოს დაკისრებული საკომპენსაციო თანხა", - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. საიამ საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნის საკითხი უკვე დააყენა 2022 წლის მარტში ევროპული სასამართლოს წინაშე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების სამართალწარმოების ფარგლებში. ამჯერად ორგანიზაცია ითხოვს, სახელმწიფომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი საკითხები დადგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და შესაძლებელი გახდეს საერთაშორისო სამართლის აღსრულება დაზარალებული მოსახლეობისთვის.

"აღნიშნული მექანიზმი არის ერთადერთი გამოსავალი არსებულ რეალობაში რუსეთის ფედერაციისათვის II სახელმწიფოთაშორის დავაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილს დაკისრებული საკომპენსაციო თანხის მიღების უზრუნველსაყოფად. ფონდმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და მის საზღვრებს გარეთ არსებული მატერიალური აქტივების აკუმულირება და იმ ადამინებისათვის გადაცემა, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის მიერ დაერღვათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

ფონდის ჩამოყალიბება, ასევე, ხელს შეუწყობს იმ ინდივიდუალურ საჩივრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას, რომლებშიც დადგინდა საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. ასეთი გადაწყვეტილების ნათელ მაგალითს წარმოადგენს ევროპული სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, - რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას შეეხება და რომლის ფარგლებშიც კომპენსაციის გადახდა დაევალა რუსეთის ფედერაციას.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელიან არასამთავრობო ორგანიზაციაში სახელმწიფოს მხრიდან, საიას იურისტი დათა ჯავახიშვილი ამბობს, რომ "მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო ნების განმტკიცებისთვის" და ამ პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უნდა ჩაერთოს იუსტიციის სამინისტროც, რომელსაც შეუძლია საქართველოს პოზიციის წარდგენა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საბჭოზე. მისი განმარტებით, ფონდის იდეა, რომელიც საიას აქვს, გარკვეულწილად ჰგავს უკრაინის სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც ითხოვს სანქციების გამო რუსეთის აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.

"ამ ფონდის შევსება შეიძლება იმ აქტივებით, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს საზღვრებს გარეთ. მოგეხსენებათ, რომ მათ შორის სანქცირების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის გარკვეული აქტივები საერთაშორისო ასპარეზზე მოექცა ერთგვარი ჩამორთმევის რეჟიმის ქვეშ. ამრიგად, თუკი გავითვალისწინებთ ამ მოცემულობას, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული აქტივები საზღვრებს გარეთ და ასევე აქვს პასუხისმგებლობები, რომელსაც არ ასრულებს, შესაძლებელია თუკი [სხვა] სახელმწიფოები გაერთიანდებიან ამ იდეის ქვეშ, შექმნან ფონდი, სადაც ეს თანხები გადაირიცხება და შემდეგ უკვე გაუნაწილდებათ რუსეთის ფედერაციის მსხვერპლებს", - უთხრა დათა ჯავახიშვილმა რადიო თავისუფლებას. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ფინანსური კომპენსაციების გადახდა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ვალდებულებების, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს 2008 წლის ომით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებთან - საერთაშორისო სამართალი მას ასევე ავალდებულებს ეფექტიან გამოძიებას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობის უკან დაბრუნებასაც.

საია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტისა და განგრძობადი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG