Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედის" ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის


ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. არხი იუწყება, რომ 1 თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

"ქართული ოცნების" განახლებული წესდებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საპატიო თავმჯდომარეს. ეს თანამდებობა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა.

"ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს", - წერია არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს, გაავრცელა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასევე არის "ქართული ოცნების" წევრი, პრემიერის შეცვლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ "ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა" და "სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი მეორე ვადით საქართველოს პრემიერის თანამდებობას 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებს. ის მმართველმა პარტიამ მთავრობის მეთაურის პოსტზე მას შემდეგ დაასახელა, რაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვიდა. იგი ერთი წლის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი შეცვალა პრემიერის თანამდებობაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ის 2015 წლის ბოლომდე იკავებდა - 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მთავრობაში გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაბრუნდა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის 2016 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2021 წლის 21 ივნისს კი თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო - აქციის მონაწილეები მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანის გამო აკისრებდნენ პასუხისმგებლობას.

ირაკლი კობახიძე 2021 წლიდან "ქართულ ოცნების" თავმჯდომარეა, არის ასევე ამ პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG